მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდველზე ატრაქციონი - სამთო ციგა, ე.წ. "ტობოგანი" მოქმედებს

57ab687fbe5e7
BM.GE
10.08.16 21:35
4412
ბაკურიანი ზაფხულის სეზონს სიახლით შეხვდა - დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი - სამთო ციგა, ე.წ. „ტობოგანი“ მოქმედებს. ატრაქციონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა და პირადადაც გამოსცადა.

"ბაკურიანში არის სერიოზული ბუმი განვითარების, სახელმწიფოს მხრიდან სწორი ჩარევის შედეგად ჩვენ გავაკეთეთ პარტნიორობის მოდელები კერძო სექტორთან. ვითარდება კოხტა-მიტარბის მიმართულება ძალიან სერიოზულად. კოხტაზე უკვე დამონტაჟდა საბაგიროები, მიტარბის მხარეს სრულდება და წელს სეზონისთვის იქნება დასრულებული. ეს მთლიანად ერთ კომპლექსად იკვრება შემაერთებელი საბაგიროს მეშვეობით და კეთდება მართლაც უნიკალური, ძალიან ლამაზ ბუნების ლანდშაფტში ჩაფლული სათხილამურო ტრასები, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ალბათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. ეს განხორციელდა სწორედ იმ სწორი პარტნიორული მოდელის შედეგად, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. კერძო სექტორი აშენებს იქ განვითარების გეგმის მიხედვით ახალ სასტუმროებს, შენდება გასართობი ცენტრები, შენდება შოპინგისთვის სპეციალური ნაგებობები, რომ ტურისტებს შეეძლოთ გართობა. ასევე დიდველზე დამონტაჟდა სამთო ციგა, რომელიც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ატრაქციონი იქნება. თქვენ ნახეთ ალბათ უკვე რამხელა დაინტერესებაა ტურისტებში. ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რომ ადგილობრივმა ოჯახურმა სასტუმროებმა და მცირე საწარმოებმა მეტი შემოსავალი ნახონ და რა თქმა უნდა ეს იქნება ტურიზმისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და მოიბამს ბორჯომის სასტუმროებსაც, იმიტომ, რომ ბორჯომის სასტუმროებიდან დანიშნული იქნება უფასო შატლი-ავტობუსი, რომელიც ამოიყვანს ტურისტებს, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე," - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები