თბილისის მერია დიღმის ჭალების სარეკრეაციო ფუნქციით განვითარებას გეგმავს. ტერიტორიის განვითარების ჩარჩო გეგმის შემუშავების მიზნით მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. გეგმის მთავარი ამოცანა იქნება განისაზღვროს როგორც საპარკო, ასევე სხვა სამშენებლო არეალები, უზრუნველყოფილ იქნეს მდინარესთან წვდომა, ასევე ბიომრავალფეროვნების და არსებული ეკოსისტემების შენარჩუნება.
ასეთი უნდა იყოს გეგმის ავტორთა მიდგომა მდინარის ორივე ნაპირთან მიმართებაში და ასევე გაითვალისწინონ მათი საფეხმავლო ხიდებით შესაძლო დაკავშირებაც. საკვლევი ტერიტორიის ფართობი 578.6 ჰა-ს შეადგენს. დიღმის ჭალები იშვიათი გამონაკლისია, სადაც მეტ-ნაკლებად ბუნებრივი სახითაა შენარჩუნებული მტკვრისპირა ზოლი. მერიაში მიაჩნიათ, რომ ამის გამო მას განსაკუთრებული ეკოლოგიური, ლანდშაფტური და ურბანული ღირებულება გააჩნია ქალაქისათვის, განსაკუთრებით გამწვანებული ტერიტორიების მწვავე დეფიციტის პირობებში.

























