დიკ ადვოკატმა კურასაოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა იმ მიღწევიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ, რაც გუნდს ქვეყნის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუპოვა.
კურასაოს ნაკრებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 78 წლის სპეციალისტი თანამდებობას ოჯახური მიზეზების გამო ტოვებს, კერძოდ, მას სურს მეტი დრო დაუთმოს ქალიშვილს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ადვოკაატი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ოთხ თვეზე ნაკლები ხნით ადრე გადადგა. კურასაოს დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ ამ ტურნირზე ექნება, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანა გახდა, რომელმაც ტურნირზე გასვლა მოახერხა.
ადვოკაატი იანვარში, 2024 წელს დაინიშნა კურასაოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად და კარიბის ზღვის კუნძული, სადაც დაახლოებით 185 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიო ჩემპიონატზე დაუმარცხებელი საკვალიფიკაციო კამპანიის შედეგად გაიყვანა. კურასაოს ჯგუფში იყვნენ ბერმუდა, ტრინიდადი და ტობაგო და იამაიკა, ხოლო გადამწყვეტი შედეგი ნოემბერში იამაიკასთან ფრე გახდა. ამ წარმატებით კურასაომ გადაასწრო ისლანდიას (350 ათასი მოსახლე) და გახდა ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელმაც ოდესმე მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ ოჯახი ფეხბურთზე წინ დგას. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ბუნებრივია. მიუხედავად ამისა, ძალიან მომენატრება კურასაო, მისი ხალხი და ჩემი კოლეგები. მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყნის გაყვანა ჩემი კარიერის ერთ-ერთ უმაღლეს წერტილად მიმაჩნია. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, სამწვრთნელო შტაბითა და ხელმძღვანელობით, რომლებმაც ჩვენი ირწმუნეს“ - განაცხადა ადვოკაატმა.
ადვოკაატი მანამდე მსოფლიო ჩემპიონატებზე ნიდერლანდებისა და სამხრეთ კორეის ნაკრებსაც წვრთნიდა შესაბამისად 1994 და 2006 წლებში.
ადვოკაატს კურასაოს ნაკრებში ფრედ რუტენი შეცვლის, 63 წლის სპეციალისტი და “PSV-ს” ყოფილი მწვრთნელი.
მსოფლიო ჩემპიონატზე კურასაო E ჯგუფში ითამაშებს გერმანიასთან, კოტ დიუვართან და ეკვადორთან ერთად. გუნდის პირველი მატჩი 14 ივნისს გაიმართება გერმანიის წინააღმდეგ, ჰიუსტონში, ტეხასის შტატში.




























