ქართული პურის ახალი ბრენდი „დილის კარი“ თებერვლიდან რიტეილსექტორში გამოჩნდება. ასეთია ბიზნესის განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიის დამფუძნებლის გეგმები, რაზერდაც მარეხი გვარამაძემ BMGTV-ის გადაცემა "ქალების ნარატივში" ისაუბრა.
ახალი ბრენდი ამ დრომდე ბაზარზე სატესტო რეჟიმში მუშაობდა, რაც პროდუქციის სრულყოფას, განვითარებას და საცალო ქსელებთან დამეგობრებას ემსახურებოდა. ახლა კი "დილის კარი" მზად არის თავისი პური მომხმარებელს აქტიურად შესთავაზოს. პურის საწარმო რუსთავში, მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე მდებარეობს და 3 წლის განმავლობაში ჰორეკა სექტორთან თანამშრომლობდა. მარეხი გვარამაძე ამბობს, რომ თუ ბრენდი სამი წლის წინ დღიურად დაახლოებით 500 პურს აწარმოებდა, ახლა „დილის კარი“ უკვე 10 000 ერთეულ პურს აწარმოებს, რაც რესტორნებს მიეწოდებოდა. 2026 წლის გეგმით კი კომპანია წარმოების 30 000 ერთეულ პურამდე გაზრდას გეგმავს.
"ჩვენი მიზანია, "დილის პური" გახდეს ყოველდღიური რიტუალის ნაწილი. ბრენდი შექმნილია ქართული პურის უძველესი კულტურის გადმოცემის მიზნით, თუმცა ადაპტირებული თანამედროვე სტანდარტებისთვის. შევქმენით ლავაშის ტიპის პური, რომელიც ქართულ ტრადიციულ გემოებს ასახავს, მათ შორის ჯავახურ უძველეს კულტურას, თუმცა მორგებულია თანამედროვე ცხოვრების წესებზე, ფორმაზე, სტრუქტურასა და გემოვნურ თვისებებზე", - განმარტავს გვარამაძე.
მისი ინფორმაციით, ბრენდი ორი მიმართულებით ფუნქციონირებს. ერთის მხრივ, არსებობს არტიზანული წარმოება, რომელიც მთლიანად ხელნაკეთი პროცესია და თითოეულ ეტაპზე ადამიანები არიან ჩართულნი; ეს პროდუქცია ძირითადად "ჰორეკა" სექტორს ემსახურება. მეორეს მხრივ, საწარმოს აქვს ინდუსტრიული წარმოების მიმართულება, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც საშუალებას აძლევს მას წარმოება მასშტაბურად გაზარდოს და პროდუქცია ფართოდ განაწილდეს.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, საწარმოს განვითარება ადგილობრივი დასაქმების ზრდასაც უწყობს ხელს. კომპანიაში დღეს დაახლოებით 30 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა რუსთავის ადგილობრივი ახალგაზრდები არიან.
"ლავაში, რომელიც სტრუქტურითა და გემოვნებით ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, აბსოლუტურად ქართული გემოები არის. გვინდა, რომ ეს პროდუქტი მსოფლიოს გავაცნოთ. ევროპასა და ამერიკაში უკვე არსებობს ანალოგები, თუმცა ჩვენი პროდუქტი ქართული ტრადიციული გემოებით გამოირჩევა", – აღნიშნავს გვარამაძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საწარმოს ერთ-ერთი მიზანი, ექსპორტზე გასვლაა. კომპანია ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე შესვლას 2027 წლიდან გეგმავს, ვინაიდან 2026 წელი მთლიანად საქართველოში წარმოების განვითარებას - ახალი ინდუსტრიული ხაზების დამატებასა და საწარმოს გაფართოებას დაეთმობა.




























