მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დილის საათებში დახლებზე ფრეშ პროდუქტი და რძის ნაწარმი არ გვექნება" - დისტრიბუტორთა ასოციაცია მერიის გადაწყვეტილებაზე

დისტრიბუცია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.

რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციოდა ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ლაშა რიჟამაძემ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პროდუქციას გააძვირებს.

"დედაქალაქს მერიის მიერ გადაწყვეტილი ის ნაწილი, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიებისთვის დღის საათებში გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს, პროდუქციის ფასებზე ნეგატიურად აისახება. ჩვენი წევრი კომპანიების უმრავლესობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ დილის საათებში შეზღუდვა იყოს საგამონაკლისო წესით დაშვებული", - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

ლაშა რიჟამაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობას ბიზნესმა პრობლემებზე წერილი მისწერა, თუმცა უშედეგოდ.

"რაც შეეხება მერიასთან შეხვედრას. მერიამ ითხოვა, გაგვეგზავნა წერილი პრობლემებზე, რომლებიც მოჰყვება აკრძალვას, ჩვენ მივაწოდეთ, თუმცა კომუნიკაცია ამის შემდეგ არ გვქონია. რიტეილი ფიზიკურად ვერ შეძლებს, იმ დროის შუალედში პროდუქციის მიღებას. თუ საღამოს იზამს, ეს დამატებითი ხარჯი იქნება, ისევე როგორც სადისტრიბუციო კომპანიებისთვის და აისახება ფასებზე. საბოლოოდ, დილის საათებში დახლებზე არ გვექნება "ფრეშ" პროდუქტი, არ გვექნება რძის ნაწარმი", - აღნიშნა ლაშა რიჟამაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები