"მე მაქვს მაღალი ნდობა ჩვენი სასამართლოსი",- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმდომარის ფადი ასლის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით,ის აღნიშნულ საქმეს არ იცნობს,შესაბამისად ყველა მხარეს მოუწოდებს განხილვების დასრულებას დაელოდოს.
"მე მაქვს მაღალი ნდობა ჩვენი სასამართლოსი. კონკრეტულ საკითხს არ ვიცნობ და არ შეიძლება ესე კონკრეტულად ვიცნობდე. ჩვენ უნდა დაველოდოთ განხილვებს და საბოლოო ჯამში ვინაიდან ეს არის შეჯიბრებითობის პრინციპი და აქ არის ორი მხარე - მოდავე და მოპასუხე,საბოლოო ჯამში მივიღებთ რაღაც შედეგს" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა “ტერა ბანკის” განცხადებაზე და აღნიშნა,რომ სასამართლოს შესახებ მან უკვე გააკეთა კომენტარი.
შეგახსენებთ, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ პროტესტის ნიშნად დროებით ოფისი დახურა, პარალელურად ფადი ასლის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი.
სავაჭრო პალატის პროტესტის ეს ფორმა მიმართულია საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ კაკაბაძის წინააღმდეგ, რომელმაც ადგილობრივი მწარმოებლების "თბილისის თამბაქოსა" და "ოჯითის" სარჩელების საფუძველზე სავაჭრო პალატის წევრი კომპანიები თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები British American Tobacco და Philip Morris დაახლოებით 90 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ფადი ასლი აცხადებს, რომ მოსამართლე კორუმპირებულია. ამის შესახებ მან პირველად ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკაში" გააკეთა განცხადება.
აღნიშნული განცხადების წინააღმდეგ გამოდის "თბილისის თამბაქო". ფადი ასლის განცხადებას გასულ კვირაშივე უპასუხა "თბილისის საქალაქო სასამართლომ". როგორც სასამართლოში განმარტავენ, სასამართლო ხელისუფლება მკაცრად გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლის მიმართ გამოთქმულ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფადი ასლი დაუპირისპირდა "თბილისის თამბაქოც", რომლის საჩივრის საფუძველზე მოსამართლემ თამბაქოს კომპანია დააჯარიმა.

























