მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2017 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ მგონია, რომ საკმაოდ რეალისტურია და გამიხარდება თუ ეს პროგნოზი გამართლდება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ ძალიან კარგი პროგნოზი გააკეთა და ეს მაჩვენებელი 5.2 პროცენტამდე ასწია.
გამოცემა წერს, რომ ზაფხულის შემდეგ ლარი 12%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებით და ეს ციფრი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია. ლარის კურსის დასტაბილურებას ქუმსიშვილი ეკონომიკური ზრდით ელოდება.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ახდენს რეცესია რუსეთში და თურქეთში ლირას გაუფასურებაც.
მინისტრის განცხადებით საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა მოხდება გაზრდილი გადასახადებით თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე და სათამაშო ბიზნესზე. მისივე განცხადებით საბიუჯეტო დეფიციტი 4%-ზე შენარჩუნდება.

























