"ქართული მიწა“ აქტუალობას არ კარგავს. ორი დღის წინ თბილისის მერობის „ოცნების“ კანდიდატის კახი კალაძის შტაბთან საპროტესტო აქცია გამართა „ქართულმა მარშმა“, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიწა უცხოელებზე არ გაყიდოს და გრძელვადიანი აქციებიც დააანონსა. ხედავს თუ არა საფრთხეს სოფლის მეურნეობაში უცხოურ ინვესტიციებში პირველი ვიცე-პრემიერი და ასევე როგორ აფასებს მორატორიუმს და უმრავლესობის კანონმდებლების მოღვაწეობას ამ კუთხით. „საქმის კურსი“ პირველ ვიცე პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ესაუბრა.
- EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრბარატიმ „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში მთავარ გამოწვევებს შორის, რაზეც ინვესტორებს კითხვები აქვთ, სასამართლო რეფორმა და სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები დაასახელა. მან თქვა ისიც, რომ ინვესტორი არ აკვირდება მხოლოდ იმ სფეროს, სადაც დებს ინვესტიციებს, არამედ უყურებს სხვა სფეროებსაც, რომ დაფიქრდეს, ერთხელაც ხომ არ მოუწევს ისე, რომ სხვა რეალობაში აღმოჩნდეს... თქვენ როგორ ფიქრობთ, სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები რა საფრთხეს შეიცავს?
- სოფლის მეურნეობას ერთმნიშვნელოვნად სჭირდება მხარდაჭერა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი; მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, თუმცა პროექტები და პროგრამები, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ, ნამდვილად აძლევს მოსახლეობას იმის შესაძლებლობას, რომ მათ თვითონ მოკიდონ ქართულ მიწას ხელი და შექმან დოვლათი. მათ შორისა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და ვფიქრობ, დიდი დახმარება იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც სოფლის მეურნეობაში მოღვაწეობს, მათ შორის ესაა „დანერგე მომავალი“, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი პროექტია და ეხმარება მეწარემეებს, რომ რეალურად შევქმნათ დოვალთი ჩვენს მიწაზე. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ქართული მიწა უნდა გაიყიდოს საქართველოს მოქალაქეებზე, ეს არის საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა.
- ეს მოთხოვნა არავის არ გვინახავს წერილობით, პეტიციით თუ სხვა ფორმით...
- თუმცა მოდით ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს შეხება ჩვენს მოსახლეობასთან. მე არ ვიცი პეტიციები უნდა იყოს თუ არა, მაგრამ მოსახლეობასთან კონტაქტი თავის შედეგს იღებს და შესაბამისად ის, რაც ყველაზე მეტად ადარდებს იგივე ევროპის რეკონსტრუქციის ბანკს, მდგომარეობს შემდგომში, რომ აქტივის გამოყენება, რომელსაც ჰქვია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მოხდეს სრულად და არ მოხდეს ისე, რომ ეს აქტივი არ იყოს გამოყენებული. თუ საქართველოში შენს მოსახლეობას შეუქმნი ყველა პირობას, რომ მათ მოახერხონ აღნიშნული აქტივის გამოყენება, მაშინ ვფიქრობ, კითხვებიც არ იქნება.
- გასხვისება არის სხვა თემა და ალბათ იმასაც გეუბნებიან, რომ ინვესტორი ბევრად დაცულად გრძნობს თავს, როცა მიწა საკუთრებაში აქვს; როგორც მთავრობის ერთ-ერთ პირველ პირს, პარლამენტზე რა წარმოდგენა გრჩებათ, როცა მაგალითად, ხუთი დეპუტატი გამოდის გასხვისებაზე მორატორიუმის ინიიატივით, ორი თვის შემდეგ კი, მეორე ხუთი ითხოვს გარკვეული გამონაკლისების დაშვებას..
- გამონაკლისებს რაც შეეხება, იყო საუბარი იმაზე რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ მიწის განვითარების შესაძლებლობა, რაც დეპუტატებმა იქ დაასახელეს. მათ შორის ეს არის ის, რომ კომერციულმა ბანკებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა არ შეზღუდონ სოფლის მეურნეობის დაფინანსება.
- ამაზე კანონ-პროექტის წერისას არ უნდა ეფიქრათ? ბიზნეს-გარემოსთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა?
- აქვს მნიშვნელობა.. სჯობს გვიან... თუმცა რაც მივიღეთ, მე მგონია, რომ ამ მიმართულებით მთავარია, ჩვენ ვიფიქრეთ ჩვენს მოსახლეობაზე, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მიწა განავითარონ.
- როგორც მივხდი, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნების მიწის გასხვისების აკრძალვა, ესაა მოსახლეობის მოთხოვნა და ასე არ ფიქრობს დიმიტრი ქუმსიშვილი?
- არასწორი კითხვა იყო.
- რატომ?
- მე რომ სხვანაირად ვფიქრობდე, მაშინ ამდენს არ ვისაუბრებდი ამაზე.
- თქვენც ხედავთ საფრთხეს უცხოურ ინვესტიციებში?
- არა, რა თქმა უნდა, უცხოურ ინვესტიციებში მე არასდროს ვხედავ საფრთხეს.
- სოფლის მეურნეობაში უცხოურ ინვესტიციებში?
- არსად არ ვხედავ საფრთხეს ინვესტიციებში.

























