მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დინამო ბათუმმა“ ახალი მენეჯმენტი წარადგინა

ბათუმის დინამოს ახალი მენეჯმენტი

“დინამო ბათუმმა” კლუბის ახალი მენეჯმენტი წარადგინა. ინფორმაციას ბათუმური კლუბი ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, “დინამოში” მართვის ახალი მოდელი ყალიბდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მართვის სადავეებისა და პასუხისმგებლობის გამიჯვნასთან ერთად, კლუბის გრძელვადიანი, მდგრადი განვითარებისა და ახალი სტრატეგიის შემუშავება იქნება.

“დინამო ბათუმის” გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ ჯღარკავა იქნება, რომელსაც ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გენერალური მენეჯერი აღმასრულებელ დონეზე კლუბის სრულ მართვას განახორციელებს. მისი მთავარი მიზანი, ორგანიზაციულ დონეზე, კლუბის ეფექტური მართვა, ლიცენზირების სტანდარტების დაცვა და ყველა საკვანძო მიმართულების (სპორტული, ბიზნეს და ადმინისტრაციული) კოორდინაციაა.

ნიკოლოზ ჯღარკავა გასულ წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ასევე გახლდათ "დინამო თბილისისა" და "დინამო არენას" გენერალური დირექტორი.

რაც შეეხება კლუბის სპორტულ მიმართულებას, მართვის ახალი მოდელის მიხედვით, იგი სამ მთავარ მიმართულებად დაიყო: საფეხბურთო ოპერაციები, საფეხბურთო სტრატეგია და ფეხბურთის განვითარება.

“დინამო ბათუმის” საფეხბურთო ოპერაციების მენეჯერი ნიკა ჭანტურია იქნება, რომელმაც აქტიური კარიერა სულ ახლახან დაასრულა.

მის მთავარ როლს პირველი გუნდისა და აკადემიის ყოველდღიურ საოპერაციო მართვა წარმოადგენს, რაც მოიცავს საწვრთნელი პროცესისა და მატჩის დღის სრულ ორგანიზებას, გუნდის ლოგისტიკასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას. ასევე, ოპერაციების მენეჯერის ფუნქციაა მოთამაშეებსა და პერსონალთან ეფექტური კომუნიკაცია, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით მაღალი შედეგებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და სტრატეგიულ დონეზე კლუბის სპორტულ-ორგანიზაციული დაგეგმარება.

ნიკა ჭანტურია გასულ სეზონში თბილისის “ლოკომოტივის” სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

კლუბის საფეხბურთო სტრატეგიის მენეჯერის პოზიციაზე ზურაბ თიგიშვილი იმუშავებს, რომელიც წლების განმავლობაში, იტალიაში საფეხბურთო მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობდა.

იგი პასუხისმგებელია კლუბის სატრანსფერო და რეკრუტირების პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რაც გულისხმობს ფეხბურთის ბიზნეს-მოდელისა და გუნდის ხარჯების ეფექტურ მართვას. პოზიცია მოიცავს სკაუტინგს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მონაცემთა ანალიზისა და რეკრუტირების ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე საფეხბურთო აგენტებთან და სხვა ფუნქციონერებთან სტრატეგიულ ურთიერთობას.

ბათუმის “დინამომდე”, ზურაბ თიგიშვილი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო საფეხბურთო სააგენტოში - GG11 Sports Agency-ში FIFA-ს ლიცენზირებული აგენტის სტატუსით მუშაობდა. იგი ასევე გახლავთ ცნობილი იტალიური საფეხბურთო სკოლის, კოვერჩიანოს კურსდამთავრებული და ფლობს მილანის Università del Calcio-ს მაგისტრის ხარისხს.

კლუბში ფეხბურთის განვითარების მენეჯერის პოსტს ევროპული გამოცდილების მქონე, კიდევ ერთი კვალიფიციური საფეხბურთო მენეჯერი, ზურაბ ორაგველიძე დაიკავებს.

იგი კლუბის აკადემიის სტრუქტურისა და ერთიანი სასწავლო მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს, რაც თავის მხრივ, მოთამაშეთა სწორ განვითარებასა და მათ კარიერულ წინსვლას უზრუნველყოფს. პოზიცია მოიცავს მწვრთნელთა განათლების პროგრამების მართვას, სპორტული მეცნიერების სტანდარტების დანერგვასა და მოთამაშეთა კეთილდღეობაზე ზრუნვას. ასევე, ზურაბ ორაგველიძის ფუნქცია საფეხბურთო ასოციაციებთან, კლუბებთან და სხვა ინსტიტუციებთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებაა.

ბათუმში გადმოსვლამდე, ზურაბ ორაგველიძე FIFA-ს ლიცენზირებული აგენტი იყო და მენეჯერულ საქმიანობას ეწეოდა. 2026 წლის დასაწყისში მან დააარსა სააგენტო Cornea Sports, რომელიც სპორტში მომუშავე და ჩართული ადამიანების პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნავს.

ცნობისთვის, განახლებული მენეჯმენტი გუნდს თურქულ შეკრებაზე ესტუმრა. 5 დღის განმავლობაში ადგილზე გაცნობითი და სამუშაო სახის შეხვედრები ჩატარდა, როგორც მთავარ მწვრთნელთან, ასევე სამწვრთნელო შტაბთან და ფეხბურთელებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები