მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიპლომატების ნაწილი ვერ აცნობიერებს, რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია [ეგზიტპოლებთან აცდენის] ინფორმაცია“ – თედ ჯონასი

ჯონასი

ბიზნესიურისტი თედ ჯონასი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ 30 წელია, რაც საქართველოშია და ევროკავშირისგან საქართველოში ჩატარებული არჩევნების ასეთი უარყოფითი შეფასება არასდროს მოუსმენია.

„ეჭვგარეშეა, რომ არჩევნები მოიპარეს“, – ამბობს ტედ ჯონასი და იხსენებს, რომ 2020 წელს ოპოზიციის ბოიკოტს ეწინააღმდეგებოდა, რადგან მისი შეფასებით, მაშინ არ არსებობდა სათანადო, საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არჩევნები გაყალბდა – უფრო სწორად, ისე გაყალბდა, რომ ამან ასახვა პოვა საბოლოო შედეგებზე და ამომრჩევლის ნება დაამახინჯა.

ბიზნესიურისტის თქმით, დღეს უამრავი სარწმუნო მტკიცებულება არსებობს – მოპოვებული მედიის, პოლიტიკური პარტიების თუ სამოქალაქო სექტორის მიერ – რაც აჩვენებს, რომ 2024 წლის არჩევნებში „აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა“.

„ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმა – სადაც არის კვამლი, იქ არის ცეცხლიც. ამ არჩევნების გარშემო ძალიან დიდი კვამლია“, – ამბობს ტედ ჯონასი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში და სხვა მტკიცებულებებთან ერთად, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლებისა და არჩევნების საბოლოო შედეგს შორის აცდენაზე.

როგორც ტედ ჯონასი „ანალიტიკა“–სთან ამბობს, „დიპლომატების ნაწილი ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია“.

„სამწუხაროდ, მე არაერთ დიპლომატს ვესაუბრე, რომლებიც ვერ აცნობიერებენ თუ რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია. მაგალითად, Edison Research-ი არის გლობალურად ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია. ის ერთ–ერთი მთავარი კომპანიაა, რომელიც ეგზიტპოლებს ამერიკაში ატარებს. მათი შედეგები ყოველთვის ზუსტია, - ამბობს ტედ ჯონასი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში: "საქართველოშიც მათი პროგნოზები, როგორც წესი, ზუსტი იყო ხოლმე. როდესაც ხედავ 10.12%–იან გადახრას, ეს კვამლია – შეიძლება ვერ თქვა, სად იყო ცეცხლი კონკრეტულად, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ გაყალბების მთელი კამპანია მიმართული იყო იქითკენ, რომ შეცვლილიყო შედეგები“.

ცესკომ არჩევნების საბოლოო ოქმს ხელი მოაწერა. ოქმში წერია, რომ ქართულმა ოცნებამ ხმების 53% აიღო, რაც 89 მანდატია. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიცია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთს არ შეუფასებია როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამ დრომდე ქართულ ოცნებას მილოცვა არ მიუღია არც ევროკავშირისგან და არც ამერიკის შეერთებული შტატებისგან. სულ უფრო ხშირდება საუბრები საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ჯოზეფ ბორელმა საქართველოში პოლიტიკური მისიის მივლინებაც დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები