შეერთებულ შტატებში მყოფი ქართველი ემიგრანტები ამერიკაში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს მიმართავენ და მოუწოდებენ, აირჩიონ პატრიოტიზმის გზა, საჯაროდ დაგმონ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკა და ძალადობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
პეტიციის ავტორი საეიმიგრაციო საადვოკატო ოფისის, Kurdadze Law-ის გენერალური მენეჯერი, გია ხუროშვილია.
"დიპლომატია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც თქვენ, დიპლომატებს, სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში დასახული მიზნებისა მშვიდობიანი გზით მოგვარების საშუალებას გაძლევთ.
“დიპლომატია ძალადობის შეკავების ხელოვნებაა” ეს სიტყვები ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა თქვა, ცივი ომის ეპოქაში. საქართველო კი სწორედ ასეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. როდესაც საფრთხე ემუქრება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ერის ფიზიკურ არსებობას.
თქვენ გევალებათ, რომ იმოქმედოთ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს გამოხატავს. ეს მუხლი ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მათ შორის, თქვენ, დიპლომატებს გავალდებულებთ, რომ „მიიღოთ ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციითვის.
2024 წლის 26 ოქტომბერს, ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმაც დაგანახათ, რომ ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტების 93% ზე, რომელსაც მიეცა თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთების უფლება, გამოხატა თავისი ურყევი ნება, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიული სამყაროს ნაწილად. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველმა ხალხმა უარი უთხრა“რუსულ ოცნებას”.
თქვენ, დიპლომატები, დგახართ არჩევანის წინაშე: ან შეასრულოთ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანება და გახდეთ სამშობლოს ღალატის მონაწილე, ან შეასრულოთ ქართველი ხალხის ისტორიული ნება.
თქვენ უნდა აირჩიოთ ღირსების, მაღალი ზნეობრიობის და პატრიოტიზმის გზა, რომელიც კანონის პრინციპებისა და ღირებულებებისადმი ერთგულებას მოითხოვს. ბევრმა თქვენმა კოლეგამ დღეს უკვე აჩვენა, მაღალი პროფესიონალიზმი, გაბედულება და თავდადება და გააკეთა ღიად გამოხატა თავისი სახელმწიფოებრივი პოზიცია.
პატივცემულო დიპლომატებო, არ გაუშვათ ისტორიული შანსი. გამოიყენეთ თქვენი ავტორიტეტი და უფლებამოსილება, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, პროგრესის და ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად.
მოგიწოდებთ, რომ როგორც, ამერიკაში მოღვაწე ქართველმა დიპლომატებმა, შეასრულოთ თქვენი ისტორიული მისია, საჯაროდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია და დაგმეთ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკა, დაგმეთ ძალადობა ქართველი ხალხის მიმართ რაც ასამარებს დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას საქართველოში.
პატივისცემით, ქართველი ემიგრანტები", - ნათქვამია მანიფესტაციაში.