მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დირექტორი და მათი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს, ექიმებისა თუ ექთნების დანამატების ხარჯზე - აზარაშვილი

6269a37e09c15
BM.GE
28.04.22 01:00
2251
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები ხელფასებს ექიმებისა და ექთნების დანამატების ხარჯზე იზრდიდნენ. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნული განცხადება კლინიკების შემოწმების შედეგებზე საუბრობს გააკეთა. 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო კონკრეტული მიზნობრიობით რიცხავდა და ბენეფიციარებამდე არ მიდიოდა.

"შრომის ინსპექცია, ყოველდღიურ რეჟიმში, ცდილობს შეთანხმებას და მოლაპარაკებას იმ კლინიკებთან, რომლებსაც დღემდე აქვთ ექიმებისა და ექთნების დავალიანება. სამწუხაროდ, რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს, ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა კოვიდკლინიკების პანდემიამდე არსებულ რეჟიმში დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა.

„2022 წლის იანვრიდან მოყოლებული, აქტიურად ვაკვირდებოდით დატვირთულობას კლინიკებში. აღმოჩნდა, რომ ხშირად, პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა. ზუსტად ეს იყო საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ, 6 000 პაციენტი იყო სტაციონარში. ის 9 000 საწოლი, რაც მე იანვრის დასაწყისში დამხვდა, მით უმეტეს არაპიკურ პერიოდში, საერთოდ არ იყო საჭირო. 1 700 საწოლი პირველივე კვირაში გავაუქმე. ვსაუბრობ ისეთ საწოლებზე,
რომლებიც ცარიელი იყო და რომლებშიც სახელმწიფო, 2 წლის განმავლობაში, არც თუ ისე ცოტა თანხას, თითოში, დაახლოებით, 180 ლარს იხდიდა, დატვირთულობა კი 60% იყო. ანუ, 2 წლის განმავლობაში, მობილიზებული საწოლებიდან, მინიმუმ, 40%-ში ცარიელ საწოლებში იხდიდა. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, როდესაც შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს. ამ ორი წლის განმავლობაში, ჯამში, სულ კლინიკებისთვის 1 მილიარდი ლარია გადახდილი და კლინიკებს უნდა ჰქონოდათ იმის შესაძლებლობა, დროულად გადაწყობილიყვნენ ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე", - აღნიშნავს აზარაშვილი.

მინისტრის თქმით, როგორც კი კოვიდკლინიკებში სიტუაციას სრულად შეისწავლიან და ინფექციების გავრცელების, პროტოკოლის დარღვევის, თუ ფინანსური პრობლემების საერთო სურათი შეიქმნება, ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. ამის გარდა შემოწმდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებიც და ნებისმიერი დარღვევა გამოვლინდება:"თუ ვინმე დანაშაულს ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია კონკრეტულ კლინიკებზე.შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, ან ეს კლინიკები ამით
ფულს „შოულობდნენ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები