მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დირექტორი: "ქობულიასგან ფილარმონიის მართვის საზღაურის გადახედვის დაპირება მივიღეთ"

5c8d15cb0ab12
თელარა გელანტია
17.03.19 11:04
1545
თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორის გიორგი კერესელიძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასგან ფილარმონიის მართვის საზღაურის შემცირების მიმართულებით გადახედვის დაპირება მიიღო.

ამის შესახებ კერესელიძემ ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთსს“, რომელსაც ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით 2017 წელს გადაეცა, ბოლო რვა წლის განმავლობაში სახელმწიფოს წინაშე მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით 3 მლნ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა.

რამდენიმე დღის წინ საია-მ გაასაჯაროვა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიმდინარე წლის 4 იანვრით დათარიღებული ოფიციალური წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სააგენტო ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტდა.

„დღეის მდგომარეობით, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსს“ ერიცხება 8 წლის განმავლობაში გადაუხდელი მართვის საზღაურის დავალიანება, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის / არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, სააგენტო იყენებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას“, - ეწერა წერილში;

თუმცა დღესდღეობით, ქონების სააგენტოში აცხადებენ, რომ „ინტერნეიშენალ ივენთთან“ ხელშეკრულება შეწყვეტილი არაა და 4 იანვრის წერილი მხოლოდ გაფრთხილებას წარმოადგენდა.

როგორც ირკვევა, ფილარმონიის მმართველმა კომპანიამ 4 იანვარს ქონების სააგენტოდან მიღებული აღნიშნული წერილის შემდეგ, 18 იანვარს ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მიმართა. ოფიციალურ 5-გვერდიან კორესპონდენციაში, „ინტერნეიშენალ ივენთი“ ვრცლად აღწერს, რატომ დაუგროვდათ დავალიანება - მიზეზებს შორის ასახელებს აგვისტოს ომს, ლარის გაუფასურებას, საკონცერტო დარბაზზე შემცირებულ მოთხოვნებს და ა.შ. ასევე ქობულიას უყვებიან, რა მდგომარეობაში აიღეს ფილარმონიის მართვაზე ვალდებულება და აცხადებენ, რომ ქონების სააგენტოს გადაწყვეტილება უკიდურეს ზომას წარმოადგენს, რასაც არ ეთანხმებიან.

ეკონომიკის მინისტრს „ინტერნეშენალ ივენთისთვის“ სპასუხო წერილი ჯერ არ დაუბრუნებია, მაგრამ როგორც ფილარმონიის დირექტორმა გიორგი კერესელიძემ „ანალიტიკაში“ განაცხადა, თბილისის საკონცერტო დარბაზის მართვის საზღაურის გადახედვაზე გიორგი ქობულიასგან დაპირება მიიღო.

„თავიდანვე, მართვის საზღაური იყო არარეალური და ჩვენ ვითხოვდით მის გადახედვას, რომ ყოფილიყო რეალურ ციფრზე დასმული. ყველა მინისტრს შევხვდი ბოლო 10 წლის განმავლობაში და როგორც - ძველი, ისე ახალი მთავრობის მიერ იყო აღთქმული, რომ ანალიზი გაკეთდებოდა და საკითხი გადაიხედებოდა... ახლა ეს დაპირება გვაქვს გიორგი ქობულიასგანაც, რომ გადაიხედება მართვის საზღაურის თანხა, რადგან როგორც კი მთავრობა (იგულისხმება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა) შეიცვალა, რატომღაც მოგვივიდა წერილი და ცოტა გაუგებარი იყო მისი შინაარსი ჩემთვის... მე ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენმა ჯგუფმა საკონცერტო დარბაზის რენოვაციაში 8 მლნ დოლარი დახარჯა. ესაა ერთადერთი დარბაზი, რომელიც არასაბიუჯეტო სახსრებით არსებობს. ამ ათი წლის განმავლობაში ეს კომპანია ინახავდა ამ დარბაზს და სახელმწიფოს მისი შენახვა არცერთი თეთრი არ დაჯდომია; ამხელა ინვესტიცია გავიღეთ და ახლა უკაცრავად და კარგად იყავითო, ცოტა უხერხული იქნება, როცა ამდენი წელია ამ სფეროში ვართ“, - განაცხადა კერესელიძემ.

ცნობისთვის:  ეკონომიკის სამინისტროსა და "ინტერნეიშენალ ივენთსს" შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, მართვის საზღაური პირველი 5 წლის განმავლობაში 100 020 ლარით განისაზღვრა; მომდევნო 5 წლის განმავლობაში - ყოველწლიურად 150 020 ლარით, ხოლო 10 წლის შემდეგ კი, ყოველწლიურად - 250 020 ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები