Disney სტრიმინგ პლატფორმა Hulu-ს დარჩენილ 33%-იან წილსაც შეიძენს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი გახდება. ამ დრომდე Hulu-ს აქტივების ⅓-ს ტელეკომპანია Comcast-ი ფლობდა - იტყობინება BBC.
Disney სტრიმინგ პლატფორმის სრული შესყიდვისთვის დიდი ხანია იბრძვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Disney+-ის სერვისების გამომწერთა რაოდენობა მკვეთრად დაეცა. Hulu-ს 100%-იანი წილის ფლობა კომპანიას ცნობილი და მოთხოვნადი სატელევიზიო შოუებისა და პროგრამების საკუთარ აპლიკაციაში ინტეგრირების საშუალებას აძლევს.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება Disney-ის $8.6 მილიარდი დაუჯდება. კომპანია იმედოვნებს, რომ NBC Universal-თან (Comcast-ის მშობელ კომპანიასთან) მოლაპარაკებები 1 დეკემბრისთვის დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ Hulu-ს გლობალურად 28.3 მილიონი გამომწერი ჰყავს, Disney+-ის პლატფორმას კი 146.1 მილიონი მომხმარებელი იყენებს.