დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, სექტორის წარმომადგენლებისთვის დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილებაზე რეგულაცია მიმდინარე წლის ბოლომდე გადავადდა.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა BMG-ის განუცხადა, თბილისის მერიამ დარგის ინიციატივა გაითვალისწინა და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა 1 სექტემბრის ნაცვლად, წლის ბოლოს ამოქმედდება.
ლაშა რიჟამაძის თქმით, საკითხი ეხება დილის საათებში, 08:00-11:00-დან სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებას. შედეგად, მისი თქმით, კომპანიები რითეილ სექტორის მომარაგებას შეუფერხებლად შეძლებენ, რაც საბოლოოდ პროდუქციაზე ფასების ზრდის რისკს მოხსნის.
„დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული რეგულაცია, დილის საათებში გაბარიტული მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 სექტემბრიდან აღარ შევიდა ძალაში. ეს სასიკეთოა ყველა კომპანიისთვის როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, ასევე იმპორტიორებისთვის და დისტრიბუტორებისთვის. ეს რეგულაცია წლის ბოლომდე გადავადდა და ამ მიმართულებით მერიასთან კონსულტაციები კვლავ გრძელდება. რისკი რაც მომდინარეობდა ამ რეგულაციიდან გამომდინარე პროდუქციაზე ფასების ზრდის ნაწილში, ამ ეტაპზე აღარ გვაქვს“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.