მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტრიბუტორი ხშირად გთავაზობს მაღალ „ქეშბექს“ კონკურენტის ბაზრიდან გაყვანის სანაცვლოდ – „უნივერსამი“

იოსებ ღუდუშაური

„უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური ამბობს, რომ საცალო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დისტრიბუტორების მიერ კონკურენტის პროდუქციის ჩანაცვლების სანაცვლოდ შეთავაზებული მაღალი „ქეშბექია“.

მისი თქმით, პრაქტიკაში ხშირად ხდება ისე, რომ ქსელს კონკრეტული პროდუქტის ამოღების სანაცვლოდ დისტრიბუტორი მაღალ ფინანსურ ბონუსს სთავაზობს, რაც საბოლოოდ ბაზარზე კონკურენციის პირობებს ცვლის.

„დისტრიბუტორი ხშირად გთავაზობს კონკრეტულ, მაღალ „ქეშბექს“ კონკურენტის ბაზრიდან გაყვანის სანაცვლოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, მეტ ჩაღრმავებას საჭიროებს. თუ კონკრეტულ ქსელებში შეხვალთ და პირობითად, 100 დასახელების პროდუქციას ჩამოვთვლით, შეიძლება ოთხ სხვადასხვა მაღაზიაში მოგვიწიოს შესვლა იმ პროდუქციის საყიდლად, რომელსაც ჩვენს ქსელში ადგილი აღარ აქვს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

მაგალითად, თუ ერთმა ქსელმა გაიყვანა „კოკა-კოლა“ და დატოვა მხოლოდ „პეპსი“, ეს უკანასკნელი მას 50%-იან ფასდაკლებას აძლევს. მე იმას ფასში ვერასდროს დავეწევი. მომწოდებელს კი ეს უღირს, რადგან თუ პროდუქტის თვითღირებულება 1.5 ლარია და ოთხ ლარად გვთავაზობს, 50%-იანი ფასდაკლებით ის მას ორ ლარად აძლევს, ქსელი კი სამად ყიდის. მე თუ 4 ლარად ვიღებ, ბუნებრივია, ის მაჯობებს.

იგივე პოზიციაა SKU-ებთან (სასაქონლო ერთეულებთან) დაკავშირებით. ქსელებს აქვთ, ვთქვათ, 1000 SKU-ს ადგილი. თუ დახლზე ორი სახეობის კარაქი დევს და მიდის ახალი მომწოდებელი, მას ეუბნებიან: „სულ ორი კარაქი მჭირდება, მეტი არა. თუ 50%-ს არ მომცემ, ან 40%-ს არ გადამიხდი, შენი საქონელი საერთოდ არ მინდა“.

იგივე ხდება ალკოჰოლის შემთხვევაშიც. მაგალითად, არაყი. მაღაზიაში რეალურად 30-40 დასახელებაც საკმარისია, მაგრამ დისტრიბუტორებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, პატარა ქსელებს ხშირად 200-300 სახეობა გვიდევს. დიდ ქსელებს ეს არ აქვთ. ისინი იღებენ მხოლოდ იმ 40 დასახელებას, რომელიც ყველაზე დიდ ფასდაკლებას აძლევს. ამით ერთგვარი კონკურენცია ჩაღდება. „თუ 40% არ დამრჩა, შენი საქონელი არ მაწყობს, სხვისას ავიღებ“. ეგ არის მთელი არსი. ერთი მომწოდებელი არ აძლევს, მეორე აძლევს და მაგიტომაც ხდება, რომ მერე ქსელი ეუბნება „აი, ამან მომცა 40% ფასდაკლება და მასთან ვთანამშრომლობ“, - განაცხადა "უნივერსამის" დამფუძნებელმა იოსებ ღუდუშაურმა.

ცნობისთვის,ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ. 5 მარტს გაიმართა შეხვედრა დისტრიბუტორებთან.

ამ დრომდე, ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რითეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები