მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიუშენის დისტროფია, DRG, ონკოპაციენტები - კითხვები, რაზეც პარლამენტში სარჯველაძის პასუხებს მოუსმენენ

მიხეილ სარჯველაძე

ოთხშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

მინისტრს კითხვებით ოპოზიციურმა ფრაქციამ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართა. ინტერპელაციის ვრცელი ტექსტი მოიცავს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის თითქმის ყველა პრობლემურ მიმართულებას მედიკამენტების ფასებიდან დაწყებული, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობით დასრულებული.

"გახარია საქართველოსთვის" მიერ მიხეილ სარჯველაძისთვის გაგზავნილი კითხვები ასეთია:

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია

სად გადის ზღვარი სიფრთხილესა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას შორის იმ პირობებში, როდესაც სამინისტრო „სამეცნიერო სკეპტიციზმის“ გამო უარს ამბობს ახალი პრეპარატების დაფინანსებაზე, ხოლო პაციენტების მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება?

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა და დიაგნოსტიკა

  • რატომ იწურება სწრაფად რეფერალური პროგრამის ლიმიტები და რატომ უწევთ პაციენტებს მაინც მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა ჯიბიდან მაღალტექნოლოგიურ კვლევებსა თუ მედიკამენტებზე?
  • უკავშირდება თუ არა მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ მკურნალობის არჩევა ინოვაციური მეთოდების მიუწვდომლობას, პროგრამული მედიკამენტების დაბალ ხარისხს ან სისტემისადმი უნდობლობას?
  • განიხილება თუ არა გადასვლა ინტეგრირებულ მოდელზე, რომელიც ონკოპაციენტებისთვის უზრუნველყოფს უწყვეტ სამედიცინო მომსახურებას (დიაგნოსტიკის ჩათვლით) სრულ გამოჯანმრთელებამდე?

შშმ პირთა უფლებები და სერვისები

  • სრულად ფინანსდება თუ არა შშმ პირებისთვის დიაგნოსტიკური და კლინიკო-ლაბორატორიული მომსახურებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში?
  • როგორ უწყობს ხელს სამინისტრო შშმ პირთა და მათი მეურვეების დასაქმებას? (მოითხოვება ბოლო 3 წლის ბიუჯეტი, ჩართული ორგანიზაციებისა და დასაქმებულთა რაოდენობა).
  • რა მექანიზმებით ხდება დამხმარე საშუალებების შესყიდვა და რა ეტაპზეა ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლის რეფორმა?
  • წარმოადგინეთ იმ დამხმარე საშუალებების ჩამონათვალი, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, შესაბამისი წლიური ლიმიტებისა და ბენეფიციართა რაოდენობის მითითებით.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

  • ფლობთ თუ არა კონსოლიდირებულ მონაცემებს უნაყოფო წყვილების რაოდენობის შესახებ და აქვთ თუ არა მათ წვდომა აუცილებელ დიაგნოსტიკურ კვლევებზე?
  • იგეგმება თუ არა კონკრეტული პროგრამების ამოქმედება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად დემოგრაფიული კრიზისის ფონზე?

მედიკამენტების ფასები და ფარმაცევტული ბაზარი

  • რატომ ვერ უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების მექანიზმი მედიკამენტებზე ეფექტიან და სტაბილურ ხელმისაწვდომობას პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის?
  • თვლით თუ არა, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი ოლიგოპოლიურია და მას რამდენიმე მსხვილი მოთამაშე აკონტროლებს?

DRG სისტემა და კლინიკების დაფინანსება

ჩაუტარდა თუ არა DRG პროგრამას აუდიტი, რა ბარიერები გამოიკვეთა და იგეგმება თუ არა ტარიფების გადახედვა კლინიკების მდგრადობის უზრუნველსაყოფად?

სამედიცინო ემიგრაცია და დაფინანსება საზღვარგარეთ

  • არსებობს თუ არა სტატისტიკა იმ ოჯახების შესახებ, რომლებმაც ქვეყანა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმიუწვდომლობის გამო დატოვეს?
  • ბოლო 3 წელიწადში რამდენმა პირმა (მათ შორის შშმ პირმა) მიმართა საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას, რამდენი დაკმაყოფილდა და რა იყო საშუალო ხარჯი პაციენტზე?

პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი

  • რატომ არ განხორციელდა 2026 წლის 1 მარტისთვის დაანონსებული კაპიტაციური დაფინანსების ზრდა და არსებობს თუ არა მცირე ამბულატორიების დახურვის რისკი ახალი კრიტერიუმების გამო?
  • რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ოჯახის ექიმების პროფესიული წახალისებისა და შრომის ანაზღაურების ზრდისთვის?
  • როგორ უნდა უზრუნველყონ სოფლის ამბულატორიებმა ფინანსური მდგრადობა 13 წლის წინ დადგენილი ტარიფების პირობებში?
  • იგეგმება თუ არა სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების სტანდარტის განსაზღვრა?
  • რა ნაბიჯები იდგმება რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან დასახლებებში, ექიმების დეფიციტის აღმოსაფხვრელად?

რეანიმობილები და სასწრაფო დახმარება

როდის იგეგმება მუნიციპალიტეტების (მაგ. მესტია, ონი) უზრუნველყოფა რეანომობილების საკმარისი რაოდენობით და მაღალტექნოლოგიური აპარატურით (CT, MRI)?

ნარკოპოლიტიკა და პრევენცია

  • წარმოადგინეთ ბოლო 5 წლის სტატისტიკა: განკურნებული ნარკომომხმარებლების, ზედოზირებით გარდაცვლილების და ახალი შემთხვევების რაოდენობა ასაკობრივ ჭრილში.
  • რატომ არ ტარდება სახელმწიფოს მხრიდან მასშტაბური ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში?

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები