პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, თითქოს დიზელის რეკორდული გაძვირება რუსეთ-უკრაინის ომით არის გამოწვეული, ენერგეტიკული ბაზრის მონაცემები საპირისპიროს მოწმობს.
ენერგეტიკული კვლევითი კომპანიების გათვლებით, მარტიდან აგვისტომდე პერიოდში ახლო აღმოსავლეთიდან დიზელის მიწოდება 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით საშუალოდ დღეში 770,000 ბარელით შემცირდა. ეს მაჩვენებელი ორჯერ და მეტად აღემატება იმავე პერიოდში რუსული მიწოდების კლებას, რამაც დღეში დაახლოებით 350,000 ბარელი შეადგინა.
შესაბამისად, ანალიტიკოსების შეფასებით, დღეს ბაზარზე არსებული დიზელის დეფიციტის და მკვეთრად გაძვირებული ნავთობის რეალური მიზეზი ირანის ომია და არა - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი.
მიუხედავად ამ მონაცემებისა, თეთრი სახლის პრესმდივნის, ტეილორ როჯერსის განცხადებით, პრეზიდენტი მართალია და რუსეთ-უკრაინის ომმა დიზელის ფასების ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდაში უდიდესი როლი ითამაშა. როჯერსმა ხაზი გაუსვა, რუსეთი დიზელის სიდიდით მეორე ექსპორტიორია მსოფლიოში და 2024 წელს მისი ექსპორტი საშუალოდ დღეში 930,000 ბარელს შეადგენდა. თუმცა, რეგიონულ ჭრილში ახლო აღმოსავლეთი გაცილებით მსხვილ მიმწოდებელს წარმოადგენს, რადგან იმავე წელს რეგიონიდან დღიურად 1.7 მილიონი ბარელი დიზელი გადიოდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, თითქოს მოსკოვი და კიევი ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსგავსი შეთანხმების არსებობა უარყო და განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.
























