მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

6087fadc91269
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.21 16:32
1037
დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა.

თიბისის ინფორმაციით, სოფელ ზემო ყარაბულახში, ფრანგული მეხორცული ჯიშის - სალერსის ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა - „GREEN ALLIANCE“ დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მლნ ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 6 მლნ ლარია.

სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. ტერიტორია ბევრი კვლევის შედეგად შეირჩა - კლიმატური და მეტეოროლოგიური მახასიათებლებით ის ძალიან ჰგავს ცენტრალურ მასივს და ამასთანავე, საძოვრებიც მაღალი ხარისხის რამდენიმე სახეობის ბალახითაა დაფარული.

ფერმა 820 ჰექტრამდე საძოვარ და სახნავ-სათეს მიწას ფლობს და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. კომპანია საქონლის 900 სულამდე გაზრდას, ყოველწლიურად კი 1000 ტონამდე ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას გეგმავს.

ფერმაში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ამასთანავე, კომპანია თანამშრომლობს ფრანგი კონსულტანტების ტექნიკურ ჯგუფთან, რომელიც აერთიანებს მეცხოველეობის სპეციალისტებს, ვეტერინარებს, ნუტრიციონისტებსა და მექანიკოსებს. ტექნიკური ჯგუფი ჩართულია ყოველდღიურ სამუშაო პროცესსა და ადგილობრივი კადრების პროფესიულ გადამზადებაში. ფერმის თანამშრომლები პერიოდულად გადიან სტაჟირებას საფრანგეთში, მსგავსი კონცეფციის ფერმაში.

„აღნიშნული პროექტი სრულად ავტონომიური ფერმის კონცეფციას ეფუძნება. ანალოგიური პროექტის განხორციელებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ. საბოლოო მიზანი კი, ქვეყანაში მეცხოველეობის ევროპულ სტანდარტზე აყვანაა“, - განაცხადა დამფუძნებელმა პარტნიორმა ლევან ხუროძემ.

თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში, ჯამურად 500 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის და ასევე თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო პროგრამებთან იმისთვის, რომ სექტორის მონაწილეებს დაფინანსების საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიცია, ბაზარზე ჯანსაღი პროდუქტის შექმნა და ადგილობრივების დასაქმება, ჩვენთვის ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომელთა გამოც GREEN ALLIANCE-ის არაერთ პროექტს ვუჭერთ მხარს“, - აღნიშნა თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან შავკაციშვილი.

აგრო-ინდუსტრიული ჯგუფი „GREEN ALLIANCE“ 2019 წელს ქართველმა, ფრანგმა და ჰოლანდიელმა პარტნიორებმა - ჟაკ ფლურიმ, ლევან ხუროძემ, ზაზა კიკვაძემ, ლაშა ჯინჭარაძემ და კომპანიამ - „MG Law” დააფუძნეს.

აგრო-ინდუსტრიული ჯგუფი 4 კომპანიას აერთიანებს, რომელთაგან 3 - „დმანისის მეცხოველეობა“, „ჯეორეგი’’ და „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“, თიბისის მხარდაჭერით დაარსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები