„Doing Business-ის რეიტინგი ძალიან უყვართ ავტორიტარული ქვეყნების ლიდერებს, რადგან ამ რეიტინგებში გაუმჯობესების მიღწევა ყველაზე მარტივია. როგორც ვიცი, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებს დაქირავებულიც კი ჰყავთ ჩვენი ყოფილი რეფორმატორები, რომ ამ ინდექსში გაუმჯობესდნენ“, - ასე ფიქრობს ეკონომისტი სანდრო რაქვიაშვილი.
bm.ge-ისთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ ზოგადად, Doing Business-ის რეიტინგის ათეულში ყოფნა კარგია, მაგრამ სხვა საკითხია რას გვაჩვენებს ეს ინდექსი.
„Doing Business-ის რეიტინგი არ გვაჩვენებს შინაარსს - ის გვეუბნება მხოლოდ იმას, თუ რამდენად კარგადაა პროცედურები დალაგებული. მაგალითად, თუ ავიღებთ მშენებლობის ნებართვის კომპონენტს, ეს ინდექსი გვეტყვის, რამდენად მარტივად შეიძლება ავიღოთ მშენებლობის ნებართვა, მაგრამ თუ იგივე დროს, დედაქალაქში რიგი რეგულაციები გამკაცრდა და ამის გამო ბიზნესის წარმოება გართულდა ანუ მე სახლი ვერ ავაშენე და ბიზნესი გაკოტრდა, მიუხედავად ამისა, ქვეყანა ინდექსის ამ კომპონენტში წინ მაინც წაიწევა. ანუ ინდექსი არ გვეუბნება, შინაარსობრივად მართლა რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება;
ეს ინდექსი ასევე არ გვეუბნება რამდენად დაცულია კერძო საკუთრება ქვეყანაში. მართალია, ჩვენ შეგვიძლია საკუთრების რეგისტრაცია უფრო სწრაფად გავაკეთოთ, ვიდრე - შვედეთში, მაგრამ ვინ იტყვის, რომ საქართველოში ქაღალდი, დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ ეს მიწა თქვენია, უფრო სანდოა ვიდრე შვედეთში გაცემული საბუთი?!
ასევე, მაგალითად, როგორც ვიცით, „Doing Business-2020-ის რეიტინგში გაერთიანებულ სამეფოს ვუსწრებთ, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ გამართული ბიზნესი თბილისში და გამართული ბიზნესი ლონდონში, რომელი ბიზნესი უფრო დაცულია? ჩვენ ხომ ვიცით, თუნდაც მამუკა ხაზარაძის მაგალითზე, რომ ამ ქვეყანაში როგორი კარგი, წარმატებული ბიზნესიც არ უნდა გქონდეს, შეიძლება პოლიტიკური მინი-კონფლიქტის გამო ყველაფერი დაკარგო, არაფერი მსგავსი გაერთიანებულ სამეფოში არ მოხდება. მოკლედ, თუ ჩვენ გვინდა ბიზნესი განვითარდეს, ფუნდამენტური უფლება - კერძო საკუთრების უფლება უნდა იყოს დაცული და სასამართლო სისტემა გამართული“, - აცხადებს ეკონომისტი სანდრო რაქვიაშვილი.
ცნობისთვის: მსოფლიო ბანკმა Doing Business-ის 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკვლევა მსოფლიოს 190 ქვეყანაში მეწარმეობის მხრივ არსებული ვითარების შესწავლას ისახავს მიზნად.
დოკუმენტის მიხედვით, წელსაც საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ TOP-ათეულში შედის, თუმცა 2019 წლის ანგარიშთან შედარებით, მისი პოზიცია მე-6-დან მე-7 ადგილზე ჩამოვიდა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ ქვეყანამ საკუთარი სარეიტინგო ქულა 0.2 ქულით, 83.7-მდე გაიუმჯობესა, თუმცა, აშშ-ის პროგრესი უფრო დიდი აღმოჩნდა და მან საქართველოს ერთი პოზიციით გაუსწრო. რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს.