მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს" - თავდაცვის მინისტრი ნატო-ს დეკლარაციაზე, სადაც საქართველო ერთხელაა ნახსენები

თავდაცვის მინისტრი

ნატო-ს ვაშინგტონის დეკლარაცია არის განსხვავებული თავისი ფორმატით და შინაარსით, - ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვაშინგტონის დეკლარაციას, რომელშიც საქართველო მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად.

საქმე ის არის, რომ ნატო-მ მიიღო ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. დოკუმენტში საქართველო ერთხელ არის ნახსენები, პუნქტში სადაც ხაზგასმულია, რომ რომ ალიანსი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას. 2008 წლის შემდეგ ეს არის ნატოს სამიტის მეორე დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

„დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა 75-ე საიუბილეო სამიტის შემდეგ, არის განსხვავებული თავისი ფორმატით და შინაარსით, ვიდრე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც აქამდე გამოქვეყნებულა. არაერთი საკითხი იყო, რომელიც უკავშირდებოდა ამ საიუბილეო სამიტს და თანამშრომლობის ფორმატების იუბილესაც. დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მკაფიო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყვნენ გაყვანილი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები.

გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს ჩანაწერი, შეიძლება ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ ნატო აღნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო თვითონ არის თავისუფალი, გადაწყვიტოს, რომელი ალიანსის წევრობა სურს, შესაბამისად, ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს. ესეც ნახსენებია. მეორე მხრივ, არის ის კონტექსტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ როგორც ალიანსის წევრებს, ისე ალიანსის უახლოეს პარტნიორებს, ისეთს, როგორიც საქართველოა, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ამ სახელმწიფოს, იმისთვის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძალიან დიდი მსხვერპლი გვაქვს გაღებული“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა მინისტრი, რომ უკუსვლაა ურთიერთობების მიმართულებით, თავდაცვის მინისტრი პასუხობს: „მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვინც ფიქრობს, რომ ნატო გაფართოვდება და ჩანაწერი, რომელიც კომუნიკეშიც არის და არაერთხელ ყოფილა აქამდე, ჩანაწერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის, ეს ყველაფერი თავის დროზე იქნება უზრუნველყოფილი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები