საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ დოლარის გლობალურ შესუსტებას დოლართან ლარის გამყარება მოჰყვა. სებ-ი მიუთითებს, რომ ამას დოლარში ნომინირებული კრედიტების მომსახურების გაიაფების ეფექტი აქვს, ეს კი იმ ბიზნესებზე, რომლებიც სავალუტო კრედიტებით სარგებლობენ, დადებით გავლენას ახდენს.
თუმცა, ამასთან ეროვნული ბანკი გლობალურ ბაზარზე არსებულ მაღალ გაურკვევლობაზეც მიუთითებს.
"გლობალურად არსებული ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, ინფლაციაზე როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით მოქმედი რისკები გამოიკვეთა. ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში მიმდინარე გლობალური მოვლენები ეკონომიკური ფრაგმენტაციის ნიშნებს გამოკვეთს, რაც სტაგფლაციურ რისკებს აძლიერებს და საქართველოში იმპორტირებული ინფლაციის ზრდის რისკებს წარმოშობს. მეორე მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, დოლარის გლობალური ინდექსის (DXY) შესუსტებას ლარის დოლართან მიმართებით პოზიციების გაუმჯობესება მოჰყვა. ეს კი დოლარში დენომინირებული სესხების მომსახურების ტვირთს ამცირებს და, შესაბამისად, ამ არხით ინფლაციურ წნეხს ამსუბუქებს. პარალელურად, გლობალური მოთხოვნის შემცირებისა და ნავთობის მიწოდების ზრდის მოლოდინების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები კლებულობს. აღნიშნულს, ლარის დოლართან მყარი პოზიციის შენარჩუნებასთან ერთად, დისინფლაციური ეფექტი აქვს," - ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესრელიზში.
2025 წლის იანვარში ლარი დოლართან მიმართებით უფასურდებოდა და დოლარის ღირებულებამ 2.85 ლარსაც მიაღწია, თუმცა უკვე თებერვალში ის 2.77-მდე შემცირდა, მარტში კი თავად აშშ დოლარის გაუფასურება დაიწყო, რაც დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო ტარიფების დაწესების გადაწყვეტილებას მოჰყვა, ამჟამად კი ის 2.75 ლარი ღირს.