საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე და „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
მისი თქმით, გაზრდილია ლარიზაციის მაჩვენებელი და ეს პროცესი მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო.
"მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს დოლარიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იგი ნელ-ნელა უკან იხევს. მნიშვნელოვანია ეს ტენდენცია გაგრძელდეს. გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ მთავრობა მუშაობს ლარიზაციის კომპლექსურ გეგმაზე, რამაც უნდა შექმნას ქმედითი სტიმულები ეკონომიკის ლარიზაციისთვის. მნიშვნელოვნად მიმაჩნია კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლარიზაციის მნიშვნელობას. ეს არის ეკონომიკის სწრაფი და სტაბილური განვითარების აუცილებელი წინაპირობა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გაგუას შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა და დღესდღეობით, დაახლოებით, 3 პროცენტის ფარგლებში ფიქსირდება თუმცა, ეს კმაყოფილების საფუძველს არ იძლევა.
„ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს 3,5 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს ეს მაჩვენებელი, რაც არ არის მაღალი, მაგრამ არსებული პროგნოზებით, ეს მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გასატარებელი და პირველ რიგში, აღნიშნავ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ ოთპუნქტიან გეგმის მნიშვნელობას - ეკონომიკას სჭირდება სტრუქტურული რეფორმები, რათა გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“ - აღნიშნა გაგუამ.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მიმდინარე წელს, განსაკუთრებით მარტის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი არის დაბალი, დაახლოებით 1-2 პროცენტის ფარგლებში ფიქსირდება, ხოლო საშუალო წლიური მაჩვენებელი, დაახლოებით 3,3 პროცენტია.
"პოზიტიურია დინამიკა სახაზინო ფასიან ქაღალდებზე. მთავრობის ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი ქვეყნის ეკონომიკისადმი და მისი მაკროეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობის კარგი საზომია. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს უფრო სანდო და სტაბილურ ეკონომიკას. 5-6 პროცენტული პუნქტით დაიკლო საპროცენტო განაკვეთმა სხვადასხვა ვადიანობის მიხედვით. შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა გრძელვადიან (5 წლიან) ფასიან ქაღალდებზე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას მაღალი სანდოობა აქვს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

























