მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დოლართან მიმართებაში გაუფასურებული ვალუტების სიაში ნომერ პირველი ბრიტანული ფუნტია

5820174d9a14c
მარიამ ადამია
07.11.16 09:53
2228
დოლართან მიმართებაში გაუფასურებული ვალუტების სიაში ნომერ პირველი ბრიტანული ფუნტია, - რეფერენდუმზე ევროკავშირის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით ყველაზე კრიტიკულად ბრიტანეთის ეროვნულ ვალუტაზე აისახა, რომელიც ბოლო პერიოდში კატასტროფული სისწრაფით უფასურდება.
Bloomberg-ის მონაცემებით, ბრექსიტამდე ერთი დღით ადრე, ერთი ბრიტანული გირვანქა 1 დოლარი და 48 ცენტი იყო, 2016 წლის ოქტომბრის მიწურულს კი, ეს მაჩვენებელი დოლარსა და 22 ცენტამდე შემცირდა, რაც უკანასკნელი 31 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგია. თუკი მთლიან სურათს გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ 23 ივნისის რეფერენდუმის შემდეგ, გირვანქა სტერლინგი ამერიკულ დოლართან მიმართებით ჯამურად 15 პროცენტით გაუფასურდა, რაც ამ მოკლე მონაკვეთისთვის ძალიან მაღალ მაჩვენებლად ითვლება. მიმდინარე კვირის ფონზე სპეციალისტებს სიტუაციის გამოსწორებისა და დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება უჭირთ. აღნიშნულის მიზეზი კი ის არის, რომ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად, ანუ ევროკავშირიდან გამოსვლისთვის საჭირო პროცედურები 2017 წელს დაიწყება და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად რყევები და შიში, რაც ევროგაერთიანების დატოვების პარალელურად არსებობს, ზეგავლენას ბრიტანულ ეკონომიკაზე შემდეგი ორი წლის განმავლობაში მოახდენს.

ამ პროცესების დროს ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშრის საერთო ბაზრის ალტერნატივების გაჩენას. ეს საკითხი კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც არსებული კრიზისის ფონზე აქტიური მოქმედებებისგან თავს იკავებენ და რისკების გაფანტვას ელოდებიან. თუკი განვიხილავ ერთ-ერთ ავტორიტეტულ კორპორაცია - Bank Of America-ს მიერ განხორციელებულ ანალიზს, დღეს არსებული რეგრესის დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, 2017 წლის მიწურულს შესაძლოა გირვანქა სტერლინგმა ერთ დოლარსა და 5 ცენტს მიაღწიოს, რითაც ისტორიულად ყველაზე დაბალ მაჩვენებელს დააფიქსირებს.

რაც შეეხება HSBC-ის ანალიტიკოსებს, მომავალი წლისთვის დოლარსა და 10 ცენტამდე შემცირებას ელოდებიან. სხვა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, ბრექსიტით გამოწვეულ ბუნდივანი გარემოებების გამო ,პროგნოზისგან, ჯერჯერობით თავს იკავებენ. გარდა ამისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დოლართან მიმართებაში, ბრიტანული სტერლინგის გარდა, გაუფასურებულ ვალუტებს შორის სახელდება სურინამის, მოზამბიკის, არგენტინის, ვენესუელას, ნიგერიის, აზერბაიჯანის მალავიისა და სიერა-ლეონის ეროვნული ვალუტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები