"დოლიძე-ხილიანის ქუჩების მიმდებარედ სამშენებლო აქტივობა, არაჯანსაღი გადამჭიდროების საფრთხეს ქმნის"
დოლიძე-ხილიანი ქუჩების მიმდაბარე ტერიტორიაზე სამშენებლო აქტივობა, არაჯანსაღი გადამჭიდროების საფრთხეს ქმნის, - მიიჩნევენ მერიაში და ტერიტორიის შემდგომი განვითარებისთვის ჩარჩო გეგმის შემუშავებას აპირებენ. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, თბილისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტერიტორიის კვლევა უნდა ჩაატაროს და მისი სამომავლო განვითარების მინიმუმ ორი სცენარი მოამზადოს, საიდანაც საუკეთესო აირჩევა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მთავარ ამოცანად, უბნის სატრანსპორტო მისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელდება, რომელიც ვაკისა და საბურთალოს დამაკავშირებელი რგოლის კონტექსტში უნდა იქნეს გადაწყვეტილი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კვლევის ჩატარება 120 ჰექტარ ტერიტორიაზე მოუწევს.