მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი პეკინში მაისში შეხვდებიან

სავაჭრო მოლაპარაკებები

თეთრი სახლის ოფიციალური განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ჩინეთის ლიდერის შეხვედრა პეკინში, 14 და 15 მაისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი თავდაპირველად მარტის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ვაშინგტონმა სამიტის ერთი თვით გადადება ითხოვა.

როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი, მიმდინარე წლის ბოლოს სი ძინპინსა და მის მეუღლეს საპასუხო ვიზიტით უკვე ვაშინგტონში უმასპინძლებენ. თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა დაადასტურა, რომ ამერიკულმა მხარემ ვიზიტისთვის აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პეკინში დაგეგმილი შეხვედრა „საეტაპო მოვლენა“ იქნება აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში.

როგორც CNBC წერს, ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შეცვლილი თარიღი პირდაპირ კავშირში უნდა იყოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სავარაუდო დასრულების ვადასთან. აშშ-ის ადმინისტრაციის პროგნოზით, ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც 28 თებერვალს ისრაელთან კოორდინაციით დაიწყო, დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე პერიოდში დასრულდება. თეთრ სახლში მიანიშნეს, რომ მაისის შუა რიცხვებისთვის ვაშინგტონი რეგიონში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულებასა და დიპლომატიურ დღის წესრიგზე გადასვლას ელოდება.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების შეფასებით, აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების ასეთი ფორმით შეხვედრა გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მისი მიზანი წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაჭრა, მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა იქნება.

ცნობისთვის, ლიდერების ბოლო პირისპირ შეხვედრა 2025 წლის ოქტომბერში, სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები