მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი NASA-ს დირექტორად ჯარედ აიზეკმენს დანიშნავს

აიზეკმენი

აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მილიარდერი ჯარედ აიზეკმენი დაინიშნება, რომელიც აქამდეც მოიაზრებოდა NASA-ს ხელმძღვანელობის კანდიდატად, თუმცა ილონ მასკთან დაპირისპირების გამო, ის შონ დაფით ჩანაცვლდა.

ჯარედ აიზეკმენის $1.9-მილიარდიანი ქონების უდიდესი ნაწილი, მართალია, ციფრული გადახდების კომპანიაზე, Shift4 Payments-ზე მოდის, რომელიც ანტრეპრენიორმა 1999 წელს დააფუძნა, მაგრამ საზოგადოება მას უკეთესად ასტრონავტის ამპლუაში იცნობს. ჯარედ აიზეკმენი ილონ მასკის SpaceX-ის ერთ-ერთი მთავარი კლიენტია, რომელიც კერძო მისიების ფარგლებში კოსმოსში უკვე ორჯერ იმყოფებოდა. სწორედ აიზეკმენი იყო ის პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა.

თუკი აშშ-ის სენატი NASA-ს დირექტორის თანამდებობაზე ჯარედ აიზეკმენს დაამტკიცებს, ის $25-მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გახდება. სიმბოლური დანიშნულების გარდა, რომელიც კოსმოსში აშშ-ის დომინაციის დამყარებას გულისხმობს, კოსმოსურ სააგენტოს პრაქტიკული მიზნებიც აქვს, რომელთაგან უპირატესი Artemis-ის მისიის ფარგლებში მთვარეზე ადამიანის დაბრუნებას გულისხმობს. ამ პროცესის ხელმძღვანელად ჯარედ აიზეკმენის დანიშვნა გვაფიქრებინებს, რომ კოსმოსის კვლევის პროცესში კერძო კომპანიების, მათ შორის SpaceX-ის როლი კიდევ უფრო გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები