აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების 25%-მდე გაზრდა დააანონსა. ამის მიზეზად მან სეულის მიერ გასულ წელს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა დაასახელა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეისთვის 15%-იან გადასახადს გაზრდის პროდუქციის ფართო სპექტრზე, მათ შორის: ავტომობილებზე, ხე-ტყეზე, ფარმაცევტულ ნაწარმსა და "ყველა სხვა ორმხრივ სატარიფო" კატეგორიაზე.
ტრამპის განცხადებით, სამხრეთ კორეელი კანონმდებლები შეთანხმების დამტკიცებას აყოვნებენ, მაშინ როდესაც "აშშ-მა, შეთანხმებული გარიგების შესაბამისად, ტარიფების შესამცირებლად სწრაფი ნაბიჯები გადადგა".
სამხრეთ კორეის მხარის განცხადებით, მათ გარკვეულ საქონელზე ტარიფების ზრდის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ და ვაშინგტონთან საკითხის განსახილველად სასწრაფო მოლაპარაკებებს ითხოვენ.
უწყების ცნობით, სამხრეთ კორეის ინდუსტრიის მინისტრი კიმ ჯუნგ-კვანი, რომელიც ამჟამად კანადაში იმყოფება, ვაშინგტონში აშშ-ის ვაჭრობის მდივანთან, ჰოვარდ ლუტნიკთან შესახვედრად უმოკლეს ვადებში გაემგზავრება.
გასულ წელს სამხრეთ კორეამ აშშ-ში დაახლოებით 123 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, რითაც აშშ ჩინეთის შემდეგ მისთვის მეორე უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად იქცა. აქედან დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი ავტომობილების ექსპორტზე მოდიოდა.
თავდაპირველად, ტრამპის განცხადების საპასუხოდ, კორეული ავტომწარმოებლების - "ჰიუნდაისა" და "კაის" (Kai) აქციების ფასი 6%-მდე დაეცა, თუმცა მოგვიანებით ვითარება გამოსწორდა და ვაჭრობა მხოლოდ დაახლოებით 1%-იანი კლების მაჩვენებლით დაიხურა.
სეულმა და ვაშინგტონმა შეთანხმებას გასული წლის ოქტომბერში მიაღწიეს. დოკუმენტი მოიცავდა სამხრეთ კორეის ვალდებულებას, განეხორციელებინა 350 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აშშ-ში, რომლის ნაწილიც გემთმშენებლობას უნდა მოხმარებოდა.
მომდევნო თვეში მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ გარკვეულ პროდუქტებზე ტარიფებს მას შემდეგ შეამცირებდა, რაც სამხრეთ კორეა შეთანხმების დამტკიცების პროცედურას დაიწყებდა.
შეთანხმება სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეას 26 ნოემბერს წარედგინა და ამჟამად განხილვის პროცესშია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მის დამტკიცებას თებერვალში ვარაუდობენ.




























