ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ტრამპი განმარტავს, მას ამის უფლებას კონსტიტუცია არ აძლევს. “ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია მკაცრად უკრძალავს ნებისმიერ პრეზიდენტს მე-3 ვადით დარჩენას. ეს სრულიად მკაფიოდ წერია. შესაბამისად, მე არჩევნებში ხელახლა მონაწილეობის უფლება არ მექნება”, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს სამხრეთ კორეაში ჩაფრენამდე.
ამერიკის პრეზიდენტმა მკაფიოდ განმარტა, რომ მე-3 ვადაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, ის პოლიტიკიდან არ წავა და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკაში მნიშვნელოვან მოთამაშედ დარჩება. ამასთან, მან მიანიშნა, რომ მომავალი კანდიდატის არჩევაში, მისი ხედვებისა და გეგმების ჩამოყალიბებაში თავადაც აქტიურად ჩაერთვება.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა სრულიად საპირისპირო. პარალელურად, მისი მრჩევლები და რესპუბლიკური პარტიის ლიდერები აჟღერებდნენ მოსაზრებას, რომ კონსტიტუცია ტრამპის შემთხვევაში უჩვეულო გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას იძლეოდა. საუბარია მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში არსებულ უზუსტობაზე, რომელიც არ აკონკრეტებს, აქვს თუ არა ორჯერ ერთი ვადით არჩეულ პრეზიდენტს მე-3 ვადით დარჩენის უფლება. ტრამპის განცხადებით ამ საკითხზე სპეკულაციები დასრულდება, რესპუბლიკური პარტიას კი ახალი პრეზიდენტის შერჩევისთვის, სულ მცირე, 2 წელი ექნება.
ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, მაიკ ჯონსონის განცხადება, რომელმაც განმარტა, რომ მოქმედ პრეზიდენტს კონსტიტუციის 22-ე შესწორების გვერდის ავლისა და მე-3 ვადით არჩევისთვის ბრძოლის სამართლებრივი უფლება არ აქვს.




























