აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ზავის დადების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
შეთანხმება ძალაში დღეს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შევიდა. თეთრი სახლის ლიდერმა გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.
ტრამპის განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ მიმდინარე კონფლიქტის დროებით შეჩერებას ისახავს მიზნად.
„ჰეზბოლას“ წარმომადგენლის, ჰასან ფადლალას ინფორმაციით, დაჯგუფებას ზავის შესახებ ირანის ელჩმა აცნობა. მისი თქმით, ორგანიზაციის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა ისრაელის მიერ სამხედრო აგრესიის სრულად შეჩერებაზეა იქნება დამოკიდებული. თავის მხრივ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საკითხის განსახილველად საგანგებო სხდომა მოიწვია. Reuters-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანიდან ქვედანაყოფების გაყვანას ჯერჯერობით არ გეგმავენ.
ცნობისთვის, 2 მარტიდან დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს ლიბანში 2,100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საკუთარი საცხოვრებელი 1.2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.
გარდა ცეცხლის შეწყვეტის დაანონსებისა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ჯოზეფ აუნს თეთრ სახლში იწვევს. როგორც ირკვევა, ოფიციალური ვაშინგტონი მხარეებს შორის სიტუაციის საბოლოო დარეგულირებისთვის მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ლიბანი 1948 წლიდან, ებრაული სახელმწიფოს დაარსების დღიდან, ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ომი კი ლიბანის ტერიტორიაზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც „ჰეზბოლამ“ თეირანის მხარდასაჭერად ისრაელს ცეცხლი გაუხსნა.




























