მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპმა აშშ პარიზის შეთანხმებიდან კიდევ ერთხელ გამოიყვანა

ხელმოწერა

დონალდ ტრამპმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის შეთანხმებიდან კიდევ ერთხელ გამოვა, რითაც შტატები “ეთიშება გლობალურ ძალისხმევას გლობალური დათბობის წინააღმდეგ და ქვეყანას უახლოესი მოკავშირეებს კიდევ უფრო აშორებს,” - ამის შესახებ AP News იტყობინება.

ტრამპის 20 იანვრის ინიციატივა მის 2017 წლის გადაწყვეტილებას იმეორებს, როდესაც, პრეზიდენტობის პირველი ვადის ფარგლებში, ტრამპმა პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა. გლობალური ხელშეკრულება პლანეტის გლობალური დათბობის პრეინდუსტრიულ დროსთან შედარებით +1.5-გრადუსიან ლიმიტში მოქცევას ითვალისწინებს. ტრამპმა შეთანხმებიდან გამოთიშვის შესახებ წერილით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც მიმართა.

2015 წელს დადებული შეთანხმების ფარგლებში ხელმომწერი ქვეყნები თავიანთი ემისიების შემცირების სამიზნე მაჩვენებლებს აწესებენ, ეს მაჩვენებლები კი წლების განმავლობაში უნდა გაიზარდოს. 2025 წლის თებერვალი კი ქვეყნებისთვის ინდივიდუალური გეგმების წარსადგენად ბოლო ვადაა. ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ თვეებში სათბურის აირების ემისიების 60%-ით შემცირების გეგმა წარადგინა.

ტრამპის განცხადებით, პარიზის შეთანხმება მორიგი საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ღირებულებებს არ ასახავს და “ამერიკელი გადასახადების გადამხდელების დოლარებს იმ ქვეყნისკენ მიმართავს, რომლებსაც ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარება არ სჭირდებათ”.

ექსპერტთა ნაწილი ტრამპის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. მათ მიაჩნიათ, რომ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად ქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკა. AP-სთან ინტერვიუში “ევროპის კლიმატის ფონდის” დირექტორი ლაურენს ტუბიანა აცხადებს, რომ მწვანე ენერგიაზე გლობალურ ტრანზიციას შეუჩერებელი ეკონომიკური მომენტუმი ახლავს თან, საიდანაც სარგებელს აშშ-იც იღებდა. მისივე თქმით, მწვანე ტექნოლოგიების ბაზრის მოცულობა 2035 წლისთვის $2 ტრილიონამდე გაიზრდება.

პარიზის შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის პროცესს 12 თვე დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები