მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპმა ერთცენტიანი მონეტების გამოშვება აკრძალა

პენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყანაში ყველაზე მცირე ზომის ნომინალის მქონე მონეტების გამოშვება აკრძალა. როგორც დონალდ ტრამპი მის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს, თითო ერთცენტიანი მონეტის, იგივე “პენის” გამოშვება ორ ცენტზე მეტი ღირს, ანუ თავად ეს პროექტი აშშ-ის ხელისუფლებისთვის წაგებიანია. პრეზიდენტის თქმით, შესაბამისი დავალება აშშ-ის ხაზინადარმა, სკოტ ბესენტმა უკვე მიიღო. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არ ეხება იმ მონეტებს, რომლებიც აშშ-ში უკვე გამოიყენება.

დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება, დიდწილად, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობას უკავშირდება, რომლის მანდატი ფედერალური დანახარჯების რადიკალურ შემცირებას გულისხმობს. როგორც DOGE-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა იანვარში განაცხადა, ყოველი ერთცენტიანი მონეტის გამოშვება ბიუჯეტს სამ ცენტზე მეტი უჯდება. 2016 წელს ერთცენტიანი მონეტის წარმოება 1.5 ცენტი ღირდა, მაგრამ სპილენძის გაძვირებასთან ერთად, წარმოებაც გაძვირდა. 2023 წელს, აშშ-ის ზარაფხანამ 4.5 მილიარდზე მეტი ერთცენტიანი დაბეჭდა, რაც გადასახადის გადამხდელებს $179 მილიონი დაუჯდათ.

ერთცენტიანი მონეტების გამოშვება ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ 1793 წელს დაიწყო, მაგრამ დოლარის დენომინაცია იმ დროს სულ სხვა იყო, შესაბამისად ერთცენტიანმა მონეტამ, გარკვეულწილად, არსი დაკარგა. ერთცენტიანი მონეტების ამოღებაზე ფედერალური რეზერვის სტრუქტურაში შემავალ ბანკებში წლების წინაც საუბრობდნენ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ფასების კორექცია გამოიწვიოს, რადგან დამრგვალება ხუთ ცენტამდე გახდება აუცილებელი.

საინტერესოა, რომ “პენის” სახელით ცნობილი ერთცენტიანი მონეტა არ არის ერთადერთი ფულის ერთეული, რომლის წარმოება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თავად ის ღირებულება, რომელსაც მონეტა ატარებს. გასულ წელს, ყოველი ხუთცენტიანი მონეტის წარმოება აშშ-ის ბიუჯეტს დაახლოებით თოთხმეტი ცენტი უჯდებოდა, რაც მონეტის ნომინალს, ანუ რეალურ ღირებულებას თითქმის სამჯერ აღემატება. თუკი განტოლებაში ინფლაციასაც შემოვიყვანთ, დავინახავთ, რომ გრძელვადიანად ეს კიდევ უფრო არამოგებიანი საქმიანობაა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დონალდ ტრამპი არ არის პირველი პრეზიდენტი, რომლის დროსაც აშშ-ის სახელმწიფო ხაზინა კონკრეტული ნომინალის მონეტების გამოშვებას შეწყვეტს. ასეთივე გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა 1857 წელს მიიღო, როცა ნახევარცენტიან მონეტაზე უარი თქვა, ხოლო ერთცენტიანი მონეტის დიამეტრი შეამცირა, რითაც თითო მონეტაში გამოსაყენებელი სპილენძის მოცულობა შეამცირა. დროსთან ერთად, მცირე ნომინალის მონეტების გამოყენება აზრს ინფლაციის გამოც კარგავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები