ამერიკული მედია საშუალებების თანახმად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ კვირის დასაწყისში დაამტკიცა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა უკრაინაში ომის დასასრულებლად. ტრამპის მხარდაჭერილი „სამშვიდობო გეგმა" 28 პუნქტისგან შედგება და გავრცელებული ინფორმაციით, მასზე ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან, ბოლო რამდენიმე კვირა ფარულად მუშაობდნენ.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მიერ შემუშავებული წინადადების თანახმად, კიევი დათმობს იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ და არმიას ნახევარზე მეტით შეამცირებს.
აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მიერ შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადების დამტკიცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ უკრაინა და ევროპა განხილვებში უნდა მონაწილეობდნენ.
„ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად, მას უკრაინელებისა და ევროპელების მხარდაჭერა სჭირდება“, - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონის მაღალი რანგის დელეგაცია უკრაინაშია. კიევში აშშ-ის საელჩოს ცნობით, აშშ-ის დელეგაცია, არმიის მდივნის, დენ დრისკოლის ხელმძღვანელობით, კიევში „ფაქტების დამდგენი მისიით“ იმყოფება.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ აშშ-ის არმიის მდივან დენ დრისკოლთან მოლაპარაკებები გამართა. როგორც მან X-ზე დაწერა, ეს ვიზიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, შეაფასონ ადგილზე არსებული სიტუაცია და პირადად იხილონ რუსული აგრესიის შედეგები.




























