მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპს აშშ-ისთვის გრენლანდიის ყიდვა სურს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2019 წელს დაწყებული საუბარი გააცოცხლა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის და მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის გრენლანდიის ყიდვა სურს.

ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.

დანიისგან გრენლანდიის შესყიდვის თაობაზე დონალდ ტრამპმა პირველად 2019 წლის აგვისტოში განაცხადა, მაგრამ იმ დროს ეს ნათქვამი სერიოზულად არავინ აღიქვა, ხოლო დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ იდეა აბსურდული იყო, ხოლო კუნძული არ იყიდებოდა. წლევანდელი განცხადება ტრამპმა დანიაში აშშ-ის ელჩად PayPal-ის თანადამფუძნებლის, კენ ჰოვერი წარდგენის წერილს მიაყოლა. დიპლომატიური საქმიანობა, ისევე, როგორც ნორდიკულ ქვეყანაში ცხოვრება ანტრეპრენიორისთვის უცხო არ არის, რადგან ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ამერიკულ სახელმწიფო ინტერესებს ჰოვერი შვედეთში წარმოადგენდა.

გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, რომელიც დღეს დანიის შემადგენლობაში შედის და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთვის ის დღესაც მნიშვნელოვანია, რადგან იქ ამერიკული სამხედრო ბაზა და რადიოლოკაციური სადგური მდებარეობს.

სამხედრო დანიშნულების ამერიკული ობიექტების არსებობის გარდა, გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური კუთხითაც. გრენლანდია, რომელიც ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში მდებარეობს, მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, რომლის ფართობი 2.16 მილიონი კვადრატული კილომეტრია. ამ მაჩვენებლით, ტერიტორიულ ერთეულებს შორის გრენლანდია მეათე ადგილს იკავებს და ფართობით ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა საუდის არაბეთი, უკრაინა, საფრანგეთი და ესპანეთი.

თუმცა ძალიან დიდი ფართობის მიუხედავად, გრენლანდიის ტერიტორიის 80% ყინულით არის დაფარული, რაც იქ არსებულ კლიმატს უკავშირდება, რომელიც მაქსიმალურ პირობებში -66°C აღემატება. ყინულის გამო, გრენლანდიაზე დედამიწის მტკნარი წყლის რეზერვის 8% არის კონცენტრირებული, მაგრამ გლობალური დათბობის გამო, რომელიც კუნძულზე უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე სხვა ადგილებში, გრენლანდიაზე არსებული ყინული სწრაფად დნება. გეოგრაფიულად, გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკას მიეკუთვნება, მაგრამ ისტორიულად ისე გამოვიდა, რომ კუნძული დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის.

გრენლანდია, მართალია, დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის, მაგრამ კუნძულს საკუთარი ავტონომიური მთავრობა ჰყავს, რომელიც გრენლანდიის ადგილობრივი თვითმმართველობის 2009 წლის აქტით შეიქმნა. მიმდინარე წელს, გრენლანდიამ საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კუნძულს, ერთი მხრივ, ჩრდილოეთ ამერიკასთან მინერალების ვაჭრობაზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება, ხოლო მეორე მხრივ, სამხედრო საკითხებში საკუთარი როლის გაზრდა სურს. აშშ-ისთვის კუნძულის მიყიდვა არც თავად გრენლანდიის ხელისუფლებას სურს.

აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თავად დონალდ ტრამპზე, რომელმაც გრენლანდიასთან ერთად, ბოლო პერიოდში პანამის არხზე და მეზობელ კანადაზე გაილაშქრა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პანამის ხელისუფლების მიერ ამერიკული გემებისთვის პანამის არხით სარგებლობის გადასახადი საკმაოდ მაღალი და უსამართლოა და თუ ეს პრაქტიკა გაგრძელდა, ოფიციალური ვაშინგტონი პანამის არხის მართვის სადავეების დაბრუნებას მოითხოვს. ბოლო დროს, დონალდ ტრამპმა აშშ-ის შემადგენლობაში კანადის 51-ე შტატად გაერთიანებაზეც ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები