„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან პოლიტიკოსი ჩავიდეს აქციაზე და ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთოს?“, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შესაბამის კითხვას თბილისის მერმა კახა კალაძემ. ასე გამოეხმაურა კალაძე სხვადასხვა ქვეყნების საგარეო მინისტრების მიერ "რუსული კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე სიტყვით გამოსვლას.
„ეს არის სამარცხვინო ფაქტი. შეიძლება ითქვას, რომ კარგი ლუსტრაცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებული ფაქტი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია იმართება გარედან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე ჩავიდეს სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან პოლიტიკოსი და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ?
ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურით გაყრიდა ქვეყნიდან. ჩვენ დღეს ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და ასეთი დამოკიდებულება, რაც ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ვერ გაბედოს ვერც ერთმა; ვერ გაბედოს ვერც ერთმა პოლიტიკოსმა, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე თითქოს უნდა დათმოს სუვერენიტეტი. ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.