მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დონორების მიერ გამოყოფილი დაფინანსება ძირითადად სესხის სახითაა წარმოდგენილი" - მზია გიორგობიანი

მზია გიორგობიანი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი BM.GE-სთან დონორების მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ მიერ გამოყოფილი დახმარება ხშირ შემთხვევაში სესხის სახითაა წარმოდგენილი, რასაც გრანტების თანადაფინანსებაც მოჰყვება ხოლმე.

„რეალურად დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში, ძალიან დიდი წილია ჩვენი განვითარების პარტნიორების, რომლის ფინანსური დახმარება გამომდინარეობს ძირითადად სესხების სახით. რასაკვირველია, მას გრანტების თანადაფინანსება მოჰყვება, რომელიც მათ შორის ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს. თუმცა, ძირითადად დაფინანსების ნაწილი სესხებია, რომლის მომსახურებასაც ჩვენ შემთხვევაში ან კომპანიები, ან ძირითადად სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ჩვენი განვითარების პარტნიორების წვლილი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური რესურსი, ეს არის მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუციების განვითარებას გულისხმობს. მათ შორის ხაზი მინდა გავუსვა, მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა“,- აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.

გიორგობიანი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოყოფილი თანხების აუთვისებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ პროექტის აუთვისებლობის პრობლემა არ აქვთ. მისი თქმით, რესურსის ვერათვისება კი არა, პრობლემა მოსახლეობასთან შეუთანხმებლობის გამო, არათვისება ყოფილა მიზეზი.

„თუნდაც რუსთავთან მიმართებაში, ეს იყო სესხის ფარგლებში შესაძლებლობა თანხების ათვისების. იმისათვის, რომ ვერ შევძელით მოსახლეობა დაგვერწმუნებინა იმ სიკეთეზე, რომელსაც ეს გზა მოუტანდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვემცირებინა სესხის თანხის ოდენობა და გაგვეუქმებინა ეს სესხი, იმისათვის, რომ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები და წნეხი ქვეყანას არ დაკისრებოდა.

ასეთი შემთხვევები ჩვენ არ გვაქვს პროექტის ათვისების პრობლემა, თუ მოსახლეობასთან შეთანხმება გამოგვივა. მეორე შემთხვევა გვქონდა ნარჩენების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, მოსახლეობამ არ იცის იმ სიკეთის შესახებ, რომელსაც რეალურად ევროპული სტანდარტები, რეგულაციები და ნორმატივები შექმნის. ეს იყო ერთადერთი შემთხვევები. მხოლოდ ასეთი შემთხვევები გვაქვს, ან თუ გვრჩება ნაშთი დაგეგმილსა და რეალურ ფაქტს შორის. რუსთავთან მიმართებაში მუშაობა მიმდინარეობს როგორც პროექტთან, ასევე მოსახლეობასთან მიმართებაში“,- განმარტავს მზია გიორგობიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები