კომპანია DoorDash-ი Instacart-ს დაახლოებით 17 მილიარდ დოლარად შეიძენს, რითაც მიტანის სერვისის ორი უმსხვილესი მოთამაშე ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდება - ამის შესახებ კომპანიებმა ხუთშაბათს ოფიციალურად გამოაცხადეს.
DoorDash-ი თითო აქციაში ნაღდი ფულისა და აქციების სახით 65 დოლარს გადაიხდის, რაც 11%-იან პრემიას წარმოადგენს ოთხშაბათს Instacart-ის სავაჭრო სესიის დახურვის ფასთან შედარებით, და დაახლოებით 26%-ით აღემატება 22 ოქტომბრის ნიშნულს - ბოლო სავაჭრო დღეს, ვიდრე გაყიდვის შესახებ ცნობები გავრცელდებოდა.
გარიგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, DoorDash-ის აქციები 8%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Instacart-ის აქციების ფასი თითქმის უცვლელი დარჩა.
კომპანიების ცნობით, გარიგების დასრულება 2027 წლის ბოლოს ან 2028 წლის დასაწყისში იგეგმება. DoorDash-ი აპირებს, რომ შეთანხმების დახურვის შემდეგ Instacart-ის ბრენდი, კორპორაციული ტექნოლოგიური პროდუქტები და მობილური აპლიკაცია შეინარჩუნოს.
DoorDash-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტონი სიუმ განაცხადა, რომ სურსათის ონლაინგაყიდვები ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა ონლაინსივრცეში. მან ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რომლებიც დაკავშირებულია მარაგების სწორად შერჩევასა და მალფუჭებადი პროდუქტების კლიენტის კარამდე ისე მიტანასთან, რომ გზაში არ დაზიანდეს.
"Instacart-მა წლები დახარჯა იმაზე, რომ სასურსათო მაღაზიებისთვის ეს საქმე უნაკლოდ შეესწავლა, ხოლო DoorDash-მა შექმნა მიტანის ქსელი და ტექნოლოგია, რომელსაც ადგილობრივი მაღაზიები ყოველდღიურად ეყრდნობიან. ერთად ჩვენ შევძლებთ, ნებისმიერი ზომის მაღაზიას მივცეთ მეტი ინსტრუმენტი და სრულად გამოვავლინოთ სურსათის მიტანის პოტენციალი"- აღნიშნა სიუმ.
გარიგების გამოცხადების პარალელურად, DoorDash-მა მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებიც გამოაქვეყნა: კომპანიის შემოსავალმა 4.62 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Instacart-ის შესყიდვა DoorDash-ს სურსათის ონლაინმიწოდების ბაზარზე პოზიციებს მნიშვნელოვნად გაუმყარებს. DoorDash-მა საქმიანობა მზა კერძების მიტანით დაიწყო, დროთა განმავლობაში კი პლატფორმას ისეთი რითეილერები დაამატა, როგორებიცაა Sephora, Macy’s, Staples და Anthropologie. ბოლო პერიოდში კომპანიამ სურსათის მიმართულება მთავარ პრიორიტეტად აქცია და გასულ წელს Kroger-თან პარტნიორობის შემდეგ რეგიონული სუპერმარკეტების მთელი ქსელი დაიმატა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Instacart-ისა და DoorDash-ის პოტენციურმა გაერთიანებამ შესაძლოა ანტიმონოპოლიური ორგანოების მკაცრი ყურადღება მიიპყროს, რადგან კომპანიების ბაზრები მნიშვნელოვნად ემთხვევა ერთმანეთს.






















