ფეხსაცმლის ბრენდი Dr Martens საფონდო ინვესტორებისთვის ბიზნესის წილის გაყიდვას განიხილავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია წელიწადში 11 მილიონ წყვილ ფეხსაცმელს ყიდის 60-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო მისი წლიური გაყიდვები 672 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
Dr Martens-ის ბოლოდროინდელი მონაცემები გაყიდვების ზრდას აჩვენებს, მიუხედავად Covid 19 პანდემიის გამო მიღებული შეზღუდვებისა. კომპანია მსოფლიო მასშტაბით 130 მაღაზიას მართავს, მაგრამ ბოლო დროს ონლაინ გაყიდვებისკენ მიისწრაფვის, რაც ახლა კომპანიის მთლიანი შემოსავლების მეხუთედს შეადგენს. უფრო მეტიც - Dr Martens-ის შემოსავალმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 318,2 მლნ ფუნტი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაზრდილია.
საგულისხმოა, რომ კომპანია Dr Martens 2014 წლიდან ლუქსემბურგში მდებარე IngreLux-ის მფლობელობაშია, რომელიც კერძო კაპიტალის გიგანტ Permira-სთანაა დაკავშირებული.

























