2023 წლის 25 დეკემბრიდან კლინიკა "ლიდერმედის" სამშობიარო განყოფილება პაციენტების მიღებას წყვეტს, ხოლო 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ფუნქციონირებას, - ამ შინაარსის ოფიციალური განცხადება კლინიკა "ლიდერმედმა" სოციალურ ქსელში გაავრცელა.
bm.ge დაინტერესდა, რა გახდა ინ ვიტრო კლინიკაში სამშობიარო განყოფილების დახურვის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.
კლინიკა “ლიდერმედის” დამფუძნებელი, ნატალია ხონელიძე ამბობს, რომ DRG სისტემის (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსება) ამოქმედების შემდეგ სამედიცინო პერსონალისთვის ჰონორარის გადახდა კლინიკისთვის შეუძლებელია.
"drg-ის პირველი ვერსიის პირობებში, პაციენტს ჰქონდა შესაძლებლობა, დაემატებინა კლინიკაში გარკვეული თანხა და ასევე, გათვალისწინებული იყო ექიმის ჰონორარიც. ცვლილებებით კი, რომელიც ახლა სატესტო რეჟიმშია, ეს ვერ ხდება. ამიტომ, ჩვენს კლინიკას ისედაც ვალდებულება აქვს სახელმწიფოსთან და ყოველთვიურად კრედიტს ვიხდით, შესაბამისად, ამ პირობებში ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ ფუნქციონირებას და სამედიცინო პერსონალისთვის ჰონორარის გადახდას. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. შემდგომში, თუ რამე შეიცვლება, ჩვენს მზად ვიქნებით, რომ რეალურად აღვადგინოთ ის, რაც ამ ეტაპზე გავაუქმეთ.
ჩვენ, მოვდივართ ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრიდან. ყველამ იცის, რომ სამეანო განყოფილება კლინიკისთვის არასოდესაა მოგებიანი. უბრალოდ, ეს ჩვენი პაციენტებისთვის იყო დიდი კომფორტი. ასევე ჩვენთვისაც, თუმცა, ახლა როცა შემოსავლის მთავარი წყარო უცხოელი პაციენტები გვეყოლება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, დამატებითი რისკი ვერ გავწიეთ. მოგეხსენებათ, ახალი კანონით, სავარაუდოდ, ვეღარ გვეყოლება სხვა ქვეყნის მოქალაქე პაციენტები. ამ რისკის ქვეშაც ვდგებოდით და ამანაც გადაგვადგმევინა ეს ნაბიჯი", - განაცხადა ხონელიძემ BM.ge-სთან.
შეგახსენებთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, უკვე 1 თვეა მშობიარობა და საკეისრო კვეთის დაფინანსების მოდელი შეიცვალა და ახალი ტარიფები განისაზღვრა. DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფი ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის 1 222 ლარით განსაზღვრა, ამასთან, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. „ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული საკეისრო კვეთა, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურება სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება.