“ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ნინა კობახიძის შეფასებით, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელი (DRG) დღესდღეობით, ჰიბრიდულია და სამედიცინო სექტორი მისი დახვეწის მოლოდინშია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რეფორმის პრაქტიკაში ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე გამოვლენილ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
რა არის DRG დაფინანსების მოდელი? - თუ 2023 წლამდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ხდებოდა სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით, DRG დიაგნოზების მიხედვით დაფინანსებას გულისხმობს.
ნინა კობახიძე ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ნოზოლოგიაზე DRG-ით დათვლილი ფასები გადაიხედა, მაგრამ ტარიფების ცვლილება წელსაც უნდა გაგრძელდეს.
- DRG დაფინანსების მოდელი საქართველოში ძალიან სწრაფად ამოქმედდა, არადა მას სჭირდება ანალიტიკა, ბაზების დამუშავება, ფიქსირებული ხარჯების დათვლა და ა.შ. მოკლედ, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ამდენად, ისედაც გვქონდა მოლოდინი და გამართლდა კიდეც, რომ რეფორმის პრაქტიკაში დანერგვის შემდეგ, მოხდებოდა ტარიფების გადათვლა-გადაანგარიშება. დღეს, ფაქტობრივად, გვაქვს ჰიბრიდული ანაზღაურების მექანიზმი. ყველა კლინიკა აქვეყნებს ფინანსურ ანგარიშგებებს, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და გვაქვს მოლოდინი, რომ რიგი ტარიფები ისევ გადაიხედება.
- რა აჩვენა ერთმა წელმა - რა გაწუხებთ ყველაზე მეტად ჯანდაცვის სექტორში?
- არ შეიძლება საუბარი უნიფიცირებულ სერვისებზე და იმის თქმა, რომ მაგალითად, კარდიოლოგიური სერვისის მომსახურება ყველა რეგიონში ერთი და იგივე თანხა ჯდება; საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ რეგიონების ჭრილში. ავხსნი, რას ვგულისხმობ - ამა თუ იმ რეგიონში რატომ არ ვითარდება უფრო სწრაფად ძვირად ღირებული და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები? - სწორედ იმიტომ, რომ ნაკლებია პაციენტების რაოდენობა და დარღვეულია თანაფარდობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, ამიტომ იმ ელემენტარული სერვისების დაკმაყოფილებით ვართ დაკავებული, რომელიც შეიძლება იმ კონკრეტულ რეგიონში გახდეს საჭირო. იმ ქვეყნებში, მათ შორის იქ, საიდანაც DRG დაფინანსების მოდელია გადმოღებული, არის ასეთი მიდგომა, რომელსაც გლობალურ ბიუჯეტს უწოდებენ. მაგალითად: ჭიათურაში ან დუშეთში თუ გვჭირდება მრავალპროფილური ცენტრი, უნდა დავითვალოთ ხარჯები და ასევე, უნდა განისაზღვროს რა სერვისებია მნიშვნელოვანი; როგორც წესი, ამას ყველაზე კარგად მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. ვფიქრობ, DRG დაფინანსების მოდელს სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ - სოფლის და ქალაქის დონეზე. მე ვიზიარებ ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკას იმ ნაწილში, რომ თბილისსა და ქუთაისში ჭარბი საწოლები გვაქვს. მე არ ვიცი, რამდენმა კლინიკამ შეწყვიტა ფუნქციონირება და არის თუ არა ჯანდაცვის პოლიტიკის მთავარი მიზანი - საწოლების რაოდენობის შეკვეცა - მიღწეული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს კლინიკებში სახელფასო დანახარჯი 60%-ია; ბევრ რეგიონში კლინიკა თავისთავსაც ვერ ინახავს, ამიტომ ჩვენ ვაფინანსებთ ამ კლინიკებს, რადგან როგორც იცით, შეიძლება, ნებისმიერი ერთი სერვისის ამოღების შემთხვევაში, შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშო და გარდა ბიზნეს-ინტერესისა, გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა ექთნების და მოსახლეობის წინაშე.
- DRG დაფინანსების მოდელის დახვეწის და სამართლიანი ტარიფიკაციის საჭიროებას კიდევ რა მიმართულებით ხედავთ?
- ყველაზე დიდი გამოწვევაა რეანიმაციის ტარიფიკაცია, რომელიც უბრალოდ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, არც თბილისში და არც - რეგიონებში. ხანგრძლივი დაყოვნების პაციენტებისთვის რეანიმაციული მომსახურება, ჩვენი მხრიდან, რეალურად უფასო სერვისებია, რადგან რეანიმაცია საქართველოში მოქმედი ყველა კლინიკისთვის, ფაქტობრივად, წამგებიანია. მოგეხსენებათ, იმ ქვეყნებში, საიდანც გადმოღებულია DRG მოდელი, მაგალითად, ლატვია, ეს რისკები გაზიარებულია და სამედიცინო დაწესებულებებისთვის დღიურად ხდება ანაზღაურება. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს კლინიკები თავად აფინანსებენ რეანიმაციულ პაციენტებს, რადგან საკმაოდ მაღალი დანახარჯია და DRG-ის მოდელით დათვლილი ტარიფი არ არის საკმარისი. ველოდებით, რომ ეს გადაიხედება და რთული ნოზოლოგიებისთვის ტარიფები ინდივიდუალურად დაითვლება.
- ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის პროცესი რა მოლოდინების გიტოვებთ?
- სამედიცინო სექტორმა არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს წერილით; კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს...
- რამდენად გისმენენ ანუ თუ ახერხებთ დაარწმუნოთ რიგ ნოზოლოგიებზე ტარიფების გადათვლაში?
- რამდენად გვისმენენ, ეს გამოვლინდება...