მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„DRG სისტემა მთლიანად არის გადასახედი“ - ჯანდაცვის ასოციაცია

მახა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს სახელმწიფო ორ წელზე მეტია DRG სისტემით აფინანსებს და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, მასში ძირეული ცვლილებები არ შესულა.

მიუხედავად იმისა, რომ რიგი ნოზოლოგიების მიმართულებით დაფინანსება შეიცვალა, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დღემდე გამოწვევად რჩება რეანიმაციის ტარიფები და კომბინირებული კოდების დაფინანსება.

ორი დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში პაციენტის თანაგადახდის კომპონენტი გაჩნდა, თუმცა ამ ეტაპზე ის მხოლოდ VIP პალატით სარგებლობაზე ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ ამ მექანიზმით პაციენტს ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე თანაგადახდით ისარგებლოს.

ჯანდაცვის ასოციაცია ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული მექანიზმი პაციენტებს თანხას დაუზოგავს, თუმცა მაია მახარაშვილი თვლის, რომ არა კონკრეტული მიმართულება, არამედ მთლიანად DRG სისტემის გადახედვა დგას დღის წესრიგში, რომელიც ეხება როგორც საბაზისო ფასს, ისე კოეფიციენტებს. მაია მახარაშვილი ინფლაციიდან გამომდინარე დღის წესრიგში აყენებს ფასთა ინდექსაციის საკითხსაც.

„მონაცემი არ იყო სრულფასოვანი, სხვა ქვეყნების კოეფიციენტები გამოვიყენეთ, თუმცა უკვე დაგროვდა ინფორმაცია გაცილებით სწორ ფორმატში და პირველი რიგის პრიორიტეტია მთლიანად DRG სისტემის გადახედვა. იქნება საბაზისო ფასი, კოეფიციენტების შეცვლა, თუ ინდექსაცია იმიტომ, რომ წლების განმავლობაში იცვლება ყველაფერი - იქ ინფლაცია, სახარჯი მასალების ფასები, ხელფასები, ყველაფერი ჯაჭვია და ძალიან აქტუალურია ისევ. რეანიმაცია კრიტიკულად მძიმე ტვირთია კლინიკებისთვის და დაფიქსირებულ ტარიფში რთულია მისი აწევა და სხვა სერვისებს აწვება.

დღეს დგას საკითხი, რომ მთლიანად სისტემა არის გადასახედი. კომბინირებული კოდები ისევ პრობლემურია. პაციენტის კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის დროსაც პრობლემურია. ამაზე ვსაუბრობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და ასოციაციის შიგნითაც ბევრს ვსაუბრობთ, რომ შესაბამისი ცვლილებებია საჭირო“,-აცხადებს მაია მახარაშვილი.

რას აპირებს ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო უცნობია, თუმცა სამინისტროს მიერ გავრცელებული მინისტრის კომენტარიდან ირკვევა, რომ პაციენტის თანაგადახდის მექანიზმი კიდევ რამდენიმე მიმართულებას შეეხება. მაგალითად, როგორიცაა ენდოპროთეზები და სხვა სახარჯი მასალები და პაციენტებს ასევე ე.წ აყვანილი ექიმის შემთხვევაშიც შეეძლებათ თანხის დამატება და ამის გამო პროგრამას ერთჯერადად აღარ დატოვებენ..

"ძალიან ახლო მომავალში ჩვენ პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე ვართ იმ ნორმატიული აქტის მომზადების, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ცალკეული სახარჯი მასალების მეშვეობით იგივე ტიპის რეგულირების შემოტანა. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს განსაკუთრებით კვალიფიციური ექიმის მონაწილეობით მანიპულაციების ჩატარებას და ა.შ",- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები