მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG ტარიფი დამოუკიდებელმა სტრუქტურამ უნდა დაითვალოს და არა სამინისტრომ - ნინა კობახიძე

ნინა კობახიძე

“ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინა კობახიძეს მიაჩნია, რომ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელით (DRG) სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ტარიფები დამოუკიდებელმა სტრუქტურამ უნდა დაითვალოს და არა ჯანდაცვის სამინისტრომ.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ DRG მოდელის რეფორმის პრაქტიკაში დანერგვიდან ერთი წლის გამოვლენილ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, მისი შეფასებით, დღესდღეობით, მოქმედი DRG მოდელი ჰიბრიდულია და სამედიცინო სექტორი მისი დახვეწის მოლოდინშია.

თემაზე საუბრისას ნინა კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ნოზოლოგიაზე DRG-ით დათვლილი ფასები გადაიხედა, მაგრამ ტარიფების ცვლილება წელსაც უნდა გაგრძელდეს.

- ჯანდაცვის მინისტრსაც მივწერეთ, რომ აუცილებელია, DRG-მოდელით ტარიფის მთვლელები დამოუკიდებელი ადამიანები იყვნენ... იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა...

- რას გულისხმობთ?

- ვფიქრობთ, ჯანდაცვის სამინისტროსგან დამოუკიდებელმა ადამიანებმა უნდა დაითვალონ ტარიფები. არ შეიძლება, მარეგულირებელი, რომელიც შედის კლინიკაში და ნახულობს რაღაც ხარვეზს ან აღმოაჩენს, რომ ამა თუ იმ ოპერაციაში კლინიკას უფრო მეტი თანხა დარჩა ან უფრო ნაკლები და ამის საფუძველზე ამბობს, მოდით, რადგან ასეა, DRG-ის ტარიფიკაცია ყველა სხვა კლინიკაში შევამციროთ...

- არ ენდობით ჯანდაცვის სამინისტროს?

- რაღაც საკითხებში ვენდობით, მაგრამ რაღაც მომენტებში გვინდა, რომ ჩვენ გვქონდეს გამჭვირვალე ინფორმაცია, ამას როგორ აკეთებენ. საინტერესოა, რომ ჯანდაცვა არაა ბიზნესი, რომელიც უნიფიცირებულად ერთნაირად შეიძლება შევაფასოთ იგივე მომსახურების ანაზღაურების თვალსაზრისით. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკა აქვს, ისევე როგორც ყველა ექიმს, რომელიც შენი კლინიკის გარდა სხვაგან მუშაობს, თავისი მოთხოვნა აქვს... მოკლედ, დიფერენცირებულ მიდგომებს ველოდებით DRG მოდელზეც და სხვა თემებზეც.

- ჯანდაცვის სამინისტრო დღეს უფრო მარეგულირებელია თუ პოლიტიკის განმსაზღვრელი?

- დღესდღეობით, ჯანდაცვის სამინისტრომ იმდენად ბევრი რეგულაცია შემოიღო, რომ მგონი, რეგულაციების აღსრულების დროც არ აქვთ, რადგან ყოველდღე ახალი რეგულაცია გამოდის, ყოველდღე ახალი შემმოწმებელი გვყავს და ა.შ. ჩვენ გამჭვირვალე ვართ და არ გვაქვს არანაირი პრობლემა, მაგრამ მთავარია, რეგულაციები იყოს თანმიმდევრული და იმ ძირითად მიზნამდე მივყავდეთ, რასაც სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაცია ჰქვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები