სამშენებლო მასალების კლასტერის თავმჯდომარე თამაზ დაუშვილი იზიარებს მოსაზრებას რომ ქართული სასამართლო სისტემა ბიზნესისთვის დაბრკოლებაა და აცხადებს, რომ ამ გამოწვევის გადასალახად დროულად რადიკალური ნაბიჯების გადადმაა საჭირო. ამის შესახებ მან bm.ge-ისთან EBA-ს გამგეობის თავმჯდომარის ჯონ ბრაეკველდტის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
დღეს ჯონ ბრაეკეველდტმა ბიზნესისთვის ქართული სასამართლო სისტემის დამაბრკოლებელ ფაქტორზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს ინვესტორებს ქართული სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვთ, რაც ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს.
ბიზნესმენი და სამშენებლო მასალების კლასტერის თავმჯდომარე თამაზ დაუშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასამართლოზე წლებია ყველა საუბრობს, თუმცა პრობლემის გადაჭრა ამ დრომდე ვერ მოხდა. მისი თქმით, ქვეყანამ მიმდინარე წელი უნდა გამოიყენოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა მოხდეს.
“უკვე დიდი ხანია ამაზე მიდის მსჯელობა და საუბარი, იმ მოთხოვნებში, რომელიც საქართველოსთვის არის წარმოდგენილი ევროკავშირის მხრიდან გადამწყვეტი როლი აქვს სასამართლო სისტემას. დრო არ ითმენს, რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი, რადგან ნებისმიერი ინვესტორისთვის ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი ქვეყნის მიმართ ჰქონდეს თუ არა ნდობა. ასევე მნიშვნელოვანია კორუფციის ფაქტორიც, ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დრო არ ითმენს და იმედი მაქვს რომ წლევანდელი წელი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, რომ მოიხსნას პრობლემები, რომელიც სასამართლოს უკავშირდება.”-ამბობს სამშენებლო მასალების კლასტერის თავმჯდომარე თამაზ დაუშვილი