მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დრო იწურება" - პაველ ჰერჩინსკი ხელისუფლებას 9 დათქმაზე ფოკუსირებისკენ მოუწოდებს

ელჩი

“მესიჯი, რომელიც ჩემგან და ევროკავშირის 27 ელჩისგან მოდის, არის, რომ დრო იწურება. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო,”- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. დიპლომატი აცხადებს, რომ ხელისუფლება უნდა ფოკუსირდეს იმ პრიორიტეტული მიმართულებების შესრულებაზე, რომლებიც გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა განსაზღვრეს.

სწორედ ამ 9 ნაბიჯთან მიმართებით პროგრესი იქნება მთავარი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც 2024 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ საკუთარი შეფასება უნდა გამოაქვეყნოს. ამ შეფასებაზე დაყრდნობით კი, ევროპული საბჭოს გადაწყვეტს, გახსნას თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან.

თუმცა, ამასთანავე ჟურნალისტების კითხვაზე - რას უნდა ველოდოთ, იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს პარლამენტი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონპროექტს მიიღებს, პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკომისიას საქართველოსთან მიმართებით დადებითი შეფასების გაცემა გაუჭირდება, რადგანაც ეს კანონპროექტი შეუთავსებელია როგორც ევროპულ ნორმებთან, ასევე ევროპულ ღირებულებებთან.

“კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ევროპელმა ლიდერებმა წარადგინეს საგზაო რუკა იმის შესახებ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს საგზაო რუკა 9 ნაბიჯისგან შედგება. ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია. დიახ, თქვენ მართალი ხართ, ეს იყო დაახლოებით 5 თვის წინ. მესიჯი, რომელიც ჩემგან და ევროკავშირის 27 ელჩისგან მოდის, არის, რომ დრო იწურება. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო. ყველა ინგრედიენტი არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწიოს, გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე და გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს, რაც შეიძლება მალე, 9-ივე ნაბიჯი უნდა შესრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან უკვე დავიწყეთ მომავალი გაფართოების ანგარიშის შედგენა. იგივე პროცესს გავივლით, რაც შარშან. გავივლით კონსულტაციას ყველასთან, ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ მთავრობასთან, მაგრამ ასევე, რასაკვირველია ვსაუბრობთ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ევროკავშირი გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში, ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური ან ნეგატიური და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება 9 ნაბიჯი საქართველოში. ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებთ, პროცესი დაჩქარდება და 9-ივე ნაბიჯზე დიდი პროგრესი მიიღწევა ისე, რომ ევროკომისიამ შეძლოს პოზიტიური რეკომენდაციის გაცემა და წევრმა სახელმწიფოებმა მიმდინარე წლის დეკემბერში შეძლონ, დაეთანხმონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოსთან და ჩვენ ყველამ შევძლოთ ვიზეიმოთ ეს მიმდინარე წლის დეკემბერში ისე, როგორც შარშან დეკემბერში ვიზეიმეთ, მაგრამ ეს მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია“, - აღნიშნა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები