მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროა, ოპოზიცია შეეშვას ამ ქვეყანაში განუხორციელებელი რევოლუციური მოლოდინების შექმნას - ზვიად კორძაძის 3 სცენარი

კორძაძე

იურიდიული ფირმა „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველის პარტნიორის ზვიად კორძაძის აცხადებს: "არასწორი მოლოდინების შექმნა, არის ქართული პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევაა". ასე იწყებს იურისტი პოსტ საარჩევნო პერიოდში განვითარებული პროცესების შეფასებას და მოვლენების განვითარების, ოპოზიციის მიერ მისი აზრით, საჭირო ნაბიჯების დასახელებით 3 სცენარს აყალიბებს.

პირველი: პოლიტიკური პარტიების მხრიდან მოვლენების იმგვარად მართვაა, რომელიც არჩევნების შედეგებსა და პარლამენტის შეკრების ლეგიტიმაციას მაქსიმალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა და დღეს არსებული ნიჰილიზმის ნაცვლად წარმატებულად დასრულდებოდა. მეორე ეტაპში ზვიად კორძაძე საერთაშორისო ასპარეზზე არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებას ასახელებს, ოპოზიციის მაქსიმალური ჩართულობით. მესამე სცენარი კი ოპოზიციის მხრიდან არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას მოიცავს. იურისტი ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შეეშვას ამ ქვეყანაში განუხორციელებელი რევოლუციური მოლოდინების შექმნას.

"არადა ოპოზიციას, რომ აეხსნა მხარდამჭერებისთვის, რომ პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებამდე პერიოდში და ჩატარების დღეს მთავარი მიზანი იყო ლეგიტიმაციის მაქსიმალურად ეჭვქვეშ დაყენება და არა ფიზიკურად პარლამენტის შეკრებისთვის ხელშეშლა ( არარეალური და მიუღწეველი მოცემულობა თუ მართლა 100 000 ადამიანი არ დგას ქუჩაში) დღეს ოპოზიციას თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ მიზანი მიღწეულია. პრეზიდენტის მიერ სხდომის არდანიშვნით საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებით და პასუხის არდალოდებით, არცერთი ოპოზიციური პარტიის სხდომაზე არ მისვლით, დიპლომატიური კორპუსის არ დაპატიჟებით, თვით გამოძიების დაწყების ფაქტით, ლეგიტიმაციას შეექმნა მაქსიმალური პრობლემა, რაც კი შეიძლება ამ ეტაპზე შექმნილიყო.

შესაბამისად, ეს ეტაპი წარმატებულად და დასრულებულად უნდა გამოცხადებულიყო. (ახლა ამის საპირისპიროს გვაქვს ნიჰილიზმი, რომელიც გამოწვეული არარეალური მოლოდინების გაცრუებით)

მეორე ეტაპი არის უცხოელ პარტნიორებთან მუშაობა, რადგან ლეგიტიმაციას აქვს არა მარტო შიდა მოხმარება. და თუ გარე სამყარომ ცნო პარლამენტის ლეგიტიმაცია, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რას ჩახსნი და სად შეხვალ ან არ შეხვალ. აქაც ოპოზიციამ უნდა თქვას, რომ ის არაა გადაწყვეტილების მიმღები ამ ეტაპზე, მაგრამ განმარტოს რას და ვისთან აკეთებს.

მესამე ეტაპი დამოკიდებულია მეორის შედეგებზე. თუ ლეგიტიმაცია საგარეო არენაზე არ დადგა ეჭვქვეშ, ოპოზიციას რჩება ერთადერთი კოზირი : პარლამენტში შესვლა-არშესვლა, რომელიც რაიმე მნიშვნელოვანზე უნდა გაცვალოს, მაგალითად რუსული კანონის გაუქმებაზე, ცვლილებებზე საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ გამოირიცხოს ის რაც არჩევნებზე მოხდა და ა.შ ეს არაპოპულარული ნაწილი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ამ კოზირს ბოლომდე ინარჩუნებ და არ გადასცემ ხელისუფლებას, როცა წინასწარ უწერ უფლებამოსილების შეწყვეტას იმ პარლამენტს, რომელსაც არ აღიარებ.

დროა, ალბათ, ოპოზიცია შეეშვას ამ ქვეყანაში განუხორციელებელი რევოლუციური მოლოდინების შექმნას, თორემ ეს იწვევს გულწრფელი, ანთებული და თავდადებული ადამიანების უზარმაზარ იმედგაცრუებას, რაც ძალიან მტკივნეულად იგრძნობა ახლა ამ ვირტუალურ სივრცეში. მოხერხება უნდა წარმატების, თუნდაც მცირეს, წარუმატებლობად გადაქცევას", - წერს ზვიად კორძაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები