არალეგალური შრომითი მიგრაცია საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ის პრობლემას უქმნის და რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ ემიგრანტებს, არამედ აზიანებს ქვეყნის იმიჯსაც. გარდა იმისა, რომ ძირითად შემთხვევაში არალეგალების ხელფასები დაბალია, არის შემთხვევები, როდესაც ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან ან ითხოვენ თავშესაფარს ევროკავშირის ქვეყნებში, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს საქართველოზე და უვიზო მიმოსვლას გარკვეული შეფერხებები შეუქმნას.
საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა. ცირკულარული მიგრაცია კი დროებითი შრომითი მიგრაციის ერთ-ერთი ფორმაა, რაც საზღვარგარეთ მუშაობასა და შემდეგ, ისევ სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს. დღეს დაინტერესებულ პირს უკვე შეუძლია, დროებით, სამუშაო ვიზის ფარგლებში, საკუთარი პროფესიით დასაქმდეს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებას ინდივიდუალური შეთანხებები აქვს გაფორმებული.
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროექტის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები რამდენიმე ქვეყანაში ლეგალურად და დროებით მუშაობენ, თუმცა, მათი რიცხვი ძალიან დაბალია.
მისი თქმით, მოქალაქეების მცირე ნაწილი დასაქმებულია გერმანიაში და მათი ძირითადი საქმიანობა ექთნობაა. ვანო ჩხიკვაძის ინფორმაციითვე, სეზონურად საქართველოდან ესტონეთში მიდიან სამუშაოდ სოფლის მერნეობის მიმართულებით, ასევე ქართველები არიან დასაქმებულები პოლონეთში.
ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების დროებით ლეგალურად დასაქმებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომელმაც სულ რამდენიმე თვეა საპილოტე პროექტი დაიწყო.
პროექტის ტექნიკური მრჩეველი ციური ანთაძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ გასული წლის სექტემბრიდან ამ დრომდე პოლონეთში სამუშაოდ 30 ადამიანი გაუშვეს.
საუბარია ძირითადად შემდუღებლებზე, მძღოლებსა და მშენებლებზე, რომელთა საშუალო ხელფასი სხვადასხვა შემთხვევაში 600 ევროდან 1500 ევრომდე მერყეობს.

























