მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დროის შემცირების მიზნით, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის ერთი გამსხვილებული ტენდერი გამოცხადდება

58b3cdf9b3094
ნინო კვინტრაძე
27.02.17 10:54
1583
საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროცესში ცვლილებებია, - როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბიზნესკონტრაქტს განუცხადა ტენდერის მეორე და მესამე ეტაპი გაუქმდება და მის მაგივრად ერთიანი ტენდერი გამოცხადდება. თემურ გოჩიტაშვილის განცხადებით, ტენდერების გაერთიანების მიზეზი დროის შემცირება იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, რომ გაზსაცავმა მუშაობა დაგეგმილ გრაფიკში ვერ დაიწყოს.

"ჩვენი კანონმდებლობით ტენდერების გამო, მინიმუმ 6 თვეს მაინც ვკარგავდით, გავაუქმეთ მეორე და მესამე ეტაპი. ეხლა ვამზადებთ სატენდერო დოკუმენტაციას და პირდაპირ მშენებლობაზე გამოვაცხადებთ ტენდერს, რომლის პირველი რამოდენმე თვე მიძღვნილი იქნება შესწავლასა და პროექტირებაზე. დროის დაჩქარების მიზნით, ეს ეტაპი გავაერთიანეთ. ეხლა მშენებლობაში შევიტანეთ პროექტირება და შესწავლა, - გავაერთიანეთ რომ ზედმეტი კონტრატქის გაფორმებას და ტენდერის გამოცხადებას ავუაროთ გვერდი. აუცილებლად 2020 წლის ბოლოს უნდა გვქონდეს გაზსაცავი, ძველ ვარიანტში შესაძლოა ეს ვერ მომხდარიყო", - აცხადებს გოჩიტაშვილი.

მისივე თქმით, გაზსაცავის პროექტის მიმართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ბანკების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია, - მათ შორის პროექტით ინტერესდება EBRD. როგორც გოჩტაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე სატენდერო შეთავაზების გამსხვილებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ამასთან, როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განმარტავენ, ფინანსური რესურსის მოზიდვას სრულად უზრუნველყოფენ და პროცესში სახელმწიფო არ ჩაერევა.

"სახელმწიფოს მონაწილეობა არ იქნება, - სახელმწიფოს ცოტა უჭირს - ჩვენ გვაქვს საშუალება, წარმატებლი კომპანია ვართ, სრულად დამოუკიდებლად არ ავაშენებთ, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები გვენდოებიან. ლონდონის ბირჟაზე ვართ გასული და შესაძლოა იქიდან მოვიზიდოთ რესურსი. კომპანია არის ძალიან წარმატებული ფინანსური მაჩვენებლებით.

გაზსაცავის პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაა", - განმარტავს თემურ გოჩიტაშვილი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას.
შეგგახსენებთ, რომ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის დასაწყისში, დასრულება კი - 2020 წლისთვის, იმ პერიოდისთვის იგეგმება, როდესაც საქართველოს მიერ „შაჰ-დენიზის“ გაზსადენიდან მისაღები გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გაზსაცავის მშენებლობის დაფინანსება განხორციელდება როგორც სნგკ-ის შიდა წყაროებიდან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხებით.

გაზსაცავი თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ საბადოზე აშენდება და მასში 300 მილიონ კუბური მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები