რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დღეს, 1-ელ ნოემბერს, დრონებით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მონიტორინგის არხები ავრცელებენ.
Telegram-არხებმა Exilenova+-მა და Supernova+-მა გამოაქვეყნეს ინფორმაცია და ვიდეომასალა, სადაც, გავრცელებული ცნობებით, NORSI-ს (იგივე Lukoil-Nizhegorodorgsintez) ქარხანაზე თავდასხმაა ასახული.
NORSI რუსეთში სიდიდით მეოთხე ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა და ბენზინის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც წლიურად დაახლოებით 15-17 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს. საწარმო ასევე აწარმოებს ბიტუმს, დიზელსა და ავიასაწვავს, რომელიც რუსული საოკუპაციო ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება.
ობიექტი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 800 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
უკრაინას ამ ობიექტზე იერიში წარსულშიც რამდენჯერმე აქვს მიტანილი, მათ შორის 26 აგვისტოს, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. მიყენებული ზიანის გამო საწარმომ მაშინ ფუნქციონირება დროებით შეაჩერა.
2026 წლის დასაწყისიდან უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე შორი მანძილის დრონებით ინტენსიურ შეტევებს ახორციელებს. უკრაინული მხარის სამიზნე განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და საწვავის ბაზებია, რომლებიც რუსეთის ომის წარმოების უზრუნველყოფაში საკვანძო როლს ასრულებენ.
























