დანიაში, კოპენჰაგენის საერთაშორისო აეროპორტმა დღეს დილით მუშაობა განაახლა მას შემდეგ, რაც დრონების დაფიქსირების გამო, საჰაერო სივრცე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში დახურული იყო.
აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფრენები განახლდა, ოპერაციული შეფერხებები კვლავ შენარჩუნდება. მოსალოდნელია გარკვეული ავიარეისების გაუქმება, რის გამოც მგზავრებს მოუწოდებენ, წინასწარ გადაამოწმონ ინფორმაცია თავიანთ ავიაკომპანიებთან.
„პოლიციამ უკვე დაიწყო ინტენსიური გამოძიება დრონების იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროისთვის ისინი გაუჩინარებულად ითვლებიან,“ - აცხადებს კოპენჰაგენის პოლიციის კომისრის მოადგილე იაკობ ჰანსენი.
დრონებთან დაკავშირებული ინციდენტი არა მხოლოდ დანიაში, არამედ ნორვეგიაშიც დაფიქსირდა. ოსლოს აეროპორტში დრონის მოძრაობის გამო დროებით დაიხურა საჰაერო სივრცე. აეროპორტის წარმომადგენლების თქმით, რეისები უახლოეს ალტერნატიულ აეროპორტებში გადამისამართდა.
კოპენჰაგენის პოლიციის ინფორმაციით, დანიისა და ნორვეგიის სამართალდამცავი უწყებები თანამშრომლობენ იმის დასადგენად, აქვს თუ არა ორ ინციდენტს ერთმანეთთან კავშირი.

























