საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შპს „დრონი პლიუსზე“ სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის თანხმობის სერტიფიკატი გასცა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ კუთვნილი DJI Agras T30 უპილოტო საჰაერო ხომალდით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის შეწამვლითი სამუშაოები განახორციელა, - ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
მათი განმარტებით, უპილოტო საჰაერო ხომალდებით ისეთი სერვისებისა და საავიაციო სამუშაოების განხორციელება, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამტვერვა, შეწამვლა, სპეციალური ტვირთის დაკიდებით საავიაციო სამუშაოს წარმოება და სხვა, საჭიროებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობას. ცნობისთვის, შპს „დრონი პლიუსი" ემზარ და თორნიკე ხელაშვილებს ეკუთვნით. ისინი კომპანიის 50-50%-იან წილებს ფლობენ.